გოცირიძე: საქართველოში გაცილებით ბევრია ინფიცირებული, ვიდრე ამას სტატისტიკა აჩვენებს

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს.

“ისლანდია მოსახლეობით საქართველოზე ზუსტად ათჯერ პატარაა, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით კი 6-ჯერ აღემატება საქართველოს. ისლანდია მსოფლიოში პირველ ადგილზეა მოსახლეობის ვირუსზე მასობრივი ტესტირების მაჩვენებლით. საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. ისლანდიაში ინფიცირების შემთხვევათა 50 პროცენტი მიმდინარეობდა უსიმპტომოდ და რომ არა სწრაფი ტესტირება, ამის შესახებ ვერც ვერავინ გაიგებდა.

საქართველომ დაუშვა სერიოზული შეცდომა ტესტირებასთან დაკავშირებით და ამის აღიარებაა საჭირო და არა თავისმართლება.

საქართველოში გაცილებით მეტია ინფიცირებული, ვიდრე ამას სტატისტიკა აჩვენებს. ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც სწრაფი ტესტირება დაინერგება და კიდევ უფრო მეტად, მოგვიანებით, როცა მშვიდ პერიოდში მრავალი ადამიანი გადაამოწმებს, ხომ არ აქვს გადატანილი ინფექსიის კვალი.

აბსოლუტურად არაადეკვატურია ქართული ოცნების პოლიტიკოსების ნიშნისმომგები კიჟინა, თუნდაც ამის საფუძველს იძლეოდეს უცხოეთის პრესაში საქართველს სანიმუშოდ მოხსენიება.

ყველაზე ბედნიერი თითოეული ჩვენგანი იქნება, თუ ქვეყანა ყველაზე ნაკლები დანაკარგებით გაივლის ამ უმძიმეს პროცესს.

არაა საჭირო ვითარების პოლიტიზება. ოპოზიცია იქცევა უკიდურესად კონსტრუქციულად, იფარგლება მხოლოდ რჩევებით და ზომიერი კრიტიკით. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ, რომლის როლიც და პასუხისმგებლობაც ამ საგანგებო მდგომარეობაში მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ვითარებაში და შეეშვას ფაქტების პოლიტიკურ ინტერპრეტაციას.” – წერს გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად