გოცირიძე: რატომ გვაქცია ზურგი ევროპა-ამერიკამ და არ გაიმეტა ვაქცინის სიმბოლური რაოდენობაც კი?

ვაქცინის საქართველოში შემოტანის პრობლემაზე სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე წერს:

“ვაქცინის შემოტანის საკითხმა ნათლად აჩვენა, თუ რა პოლიტიკური წონა აქვს ქვეყანას მსოფლიოში, რამდენად უნარიანია ხელისუფლება და როგორ სცემენ პატივს მას, რამდენად თვლიან ვალდებულად თავს პარტნიორი სახელმწიფოები დახმარების ხელი გაუწოდონ მეგობარ ქვეყანას.

რომელ ხელისუფლებას დაუდგებიან გვერდში, თუნდაც იმის გამო, რომ მსოფლიოში არ დარჩენილა მედიასაშუალება, რომელსაც არ გაეშუქებინოს პარტიის ოფისის შტურმით აღება? მთავრობის გაფუჭებული რეპუტაცია კონკრეტულ მატერიალური ძალა იძენს, რაც ზიანს აყენებს მის მოქალაქეებს.

უნიათოები (არამარტო) რომ არიან კი ვიცით, მაგრამ მაინც:
-რატომ არ მიმართავენ თურქეთს. რა არგუმენტი აქვს მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებას, როცა ეხმარება აზერბაიჯანს და ჩვენ მცირედითაც არა?
-სადაა ტრადიციულად მეგობარი ქვეყანა ისრაელი?
-რატომ არ გვეხმარება ჩინეთი, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უპრეცედენტო ხელშეკრულებაზე გვაქვს მოწერილი ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ჩვენთან ინტერესები აქვს?
-რატომ გვაქცია ზურგი ევროპა-ამერიკამ და არ გაიმეტა ვაქცინის სიმბოლური რაოდენობაც კი?

ხელისუფლების ბრალი რომ ძალიან დიდია შექმნილ ვითარებაში, ამას მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ შემოდგომის აზნაურის პოზაში მყოფი ქვეყანა რომ საუკეთესო ამერიკულ და ბრიტანულ ვაქცინაზე მეტს არ კადრულობს და გაუგებარ მოლოდინშია ჩავარდნილი, ამაში ჩვენცა ვართ დამნაშავეები. ჩინურზე რატომ ვიბზუებთ ცხვირს? ვისაც არ უნდა, ვინ აძალებს. რომელი სჯობია, ჩინური დღეს თუ ამერიკული ორი წლის შემდეგ ( მცირე პარტიების მიღება არსებითად ვერაფერს შეცვლის). ვისაც უნდა, დაელოდოს, ესეც არჩევანია, ოღონდ დროში გაწელილი პროცესი ხომ მეტ მსხვერპლს და მეტ ზიანს ნიშნავს?

დიახ, საზოგადოებრივი განწყობაცაა შექმნილი მდგომარეობის მიზეზი. სწორი განწყობის ფორმირების უნარი კი ხელისუფლებას არ შესწევს.

იქნება ოდესმე ვაქცინა, აქეთ შეგვეხვეწებიან, ოღონ გავუსაღოთ, მაგრამ დაკარგული დრო მრავალი დაკარგული სიცოცხლის ფასად დაგვიჯდება”, – წერს გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...