გოცირიძე: რა ამბავი ატეხილა ადვოკატზე, გამოდის, მკვლელი, ყაჩაღი, პედოფილი არავინ უნდა დაიცვას?

ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის მისამართით სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებებს.

“რა ამბავი ატეხილა ადვოკატზე. გამოდის, რომ თუ ცუდ ადამიანს იცავ, ცუდი ხარ? დამნაშავეები ცუდებმა დაიცვან და უდანაშაულოები კარგებმა? მკვლელი, ყაჩაღი, პედოფილი არავინ უნდა დაიცვას?

ოთხმოცდაათიან წლებში მოხდა სამარცხვინო და საზარელი შემთხვევა. მაშინდელმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ ის სექსუალურ მანიაკს არ დაიცავდა. საქმე ეხებოდა იმ დროს მეტად გახმაურებულ ამბავს, რუსთაველ მანიაკს, რომელმაც რამდენიმე ქალი მოკლა. ციხეში პატიმარს ყური მოაჭრეს. სწორედ მის დაცვაზე განაცხადა დევდარიანმა უარი. ეს პატიმარი საშინელ დამცირებას განიცდიდა ციხეში. ბოლოს გაირკვა, რომ ფსიქიურად დაავადებული ყოფილა და თავისი უცნაური ქცევების გამო მილიციამ და შემდეგ სასამართლომ რუსთაველ მანიაკად ჩათვალა და უდანაშაულო ადამიანი ციხეში გამოამწყვდია, ნამდვილი მანიაკი კი მოგვიანებით იპოვეს.

უფლედამცველების წყალობით საბოლოოდ სიმართლე გაირკვია. ეს ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას და რეაბილიტაციას. როცა გავიცანი ფსიქიატრიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. დაძლია თავისი პრობლემები, იშოვა სამსახური და დაუბრუნდა ჩვეულებრივ ცხოვრებას.

პირადად მე საკრებულოს დეპუტატისა და მისი თანამშრომლის ამბავში ეჭვიც არ მეპარება, რომ ის კაცი მოძალადეა, მაგრამ რა უფლებით უნდა განვეწყო აგრესიით მისი დამცველის მიმართ? ადვოკატის ბულინგი და მასზე ზეწოლა ხელს რომ შეუშლის სამართლიანი მართმსაჯულების განხორციელებას, ეს დიდად საკამათო არ უნდა იყოს”, – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული და აღკვეთის ღონისძიების სახედ 10 000 ლაირიანი გირაო შეეფარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...