გოცირიძე: პრემიერი გახარია ივანიშვილის დავალებით ზეწოლას ახდენს პრეზიდენტზე და ზურაბიშვილი დუმს

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე კატეგორიულად მოითხოვს, პრეზიდენტმა დაუყონებლივ წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ახალი კანდიდატურა პარლამენტში, გამოაცხადოს კონკურსი და ღია წესით შეირჩეს ის ადამიანები, რომლებიც ეროვნულ ბანკს მოემსახურებიან წესიერად და ზემოქმედების გარეშე, – ამის შესახებ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ბლოკავს და ზეწოლას ახდენს პრეზიდენტზე.

“ვხედავთ რა მდგომარეობაა ქვეყანაში ინფლაციისა და ლარის გაუფასურების კუთხით. ეროვნული ბანკი არის ფაქტობრივად მთავრობის დაქვემდებარებაში. ეროვნული ბანკის საბჭო არ არის შევსებული და პრეზიდენტმა მაისში წარმოადგინა ეროვნული საბჭოს 2 წევრი, რადგან ვადა გაუვიდა მის სხვა წევრებს. თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ეს საკითხი გაიჭედა პარლამენტში. უნდა გაგვცეთ პასუხი პარლამენტის ხელმძღვანელობამ, ქ-მა სალომე ზურაბიშვილმა, რატომ არ აქცევს ყურადღებას მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს და რატომ არის ფაქტობრივად ბლოკირებული ეს ადამიანები.

2 კანდიდატურა განხილული იყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე და ორივემ მიიღო საკმარისი რაოდენობის ხმები და რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მე პირადად, ორივეს დავუჭირე მხარი. ძალიან კარგად ვიცი, ქვეყანაში ვინ ვის ლობირებს და ჩავთვალეთ რომ ეს ადამიანები არ იყვნენ ის მორჩილი ე.წ. ექსპერტები, რაღაც ორგანიზაციიდან 2020, რომლებიც მმართველი პარტიის და ივანიშვილის ყურმოჭრილ დავალებებს ასრულებდნენ. 5 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურები ვერ გაიყვანა პარლამენტში. არ იქნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. ზეწოლას ახდენს პირადად პრემიერ-მინისტრი გახარია, ბუნებრივია, ივანიშვილის ნებართვით, ხოლო პრეზიდენტი დუმს. ერთერთმა კანდიდატურამ ორი კვირის წინ მოხსნა საკუთარი თავი. ეს იყო გაფორმებული თითქოს იმის გამო, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას პარტნიორი იყო და ის დაიბარეს შეწყალების საკითხთან დაკავშირებული გამოძიების გამო პროკურატურაში.

სინამდვილეში საქმე არის სხვანაირად: დიდი ხნის განმავლობაში ორივე კანდიდატის გამოთხოვა უნდა მთავრობას და ზეწოლას ახდენენ პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტზე და რა საოცარი ვითარებაა, რომ ახლა მე მიწევს სალომე ზურაბიშვილის დაცვა ამ დარბაზში. დაუყონებლივ წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ახალი კანდიდატურა, გამოაცხადოს კონკურსი და ღია წესით შეირჩეს ის ადამიანები, რომლებიც ეროვნულ ბანკს მოემსახურებიან წესიერად და ზემოქმედების გარეშე”-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად