გოცირიძე: ფსიქიკური პრობლემის მქონე უამრავი ადამიანი ბედის ანაბარაა მიტოვებული

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თბილისში, პეკინის გამზირზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეხმაურება და დასძენს, რომ საქართველოში ფსიქიატრიის სფეროს დაფინანსების კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა.

“ყოველთვიურად მეორდება ერთი და იგივე რამ-ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ან სხვას კლავს, ან თავს იკლავს, ან ვინმეს ზიანს აყენებს. გუშინ ბავშვს დაარტყეს ქუჩაში დანა. უამრავი, მკურნალობას მოკლებული, მძიმე ფსიქიკური პრობლემის მქონი ადამიანი არის მიტოვებული ბედის ანაბარა. ორიოდე დღით მიიქცევს საზოგადოების ყურადღებას ესა თუ ის ინციდენტი და მერე ყველაფერი ძველებურად რჩება.

ყოველი წლის ბიუჯეტის მიღებისას გავყვირით, რომ მიხედონ ამ სფეროს. მაინც არაფერს აკეთებს ხელისუფლება. რაში არ ფლანგავენ ფულს, ფსიქიატრიისათვის კი არაფერი ემეტებათ. იმიტომ, რომ ეს ადამიანები ყველაზე დაუცველები არიან და ყველაზე ნაკლებად შესწევთ საკუთარი ინტერესების დაცვის უნარი.

კატასტროფული მდგომარეობაა ფსიქიატრიის სფეროს დაფინანსების კუთხით. მხოლოდ 24 მილიონი ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან. ეს 7,4 მილიონი ევროა, რომელიც ერთი კლინიკის ხარჯია ევროპის ქვეყანაში.

ფსიქიატრიის დაფინანსების მხრივ, საქართველო ყველაზე ბოლო ადგილზეა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებითაც კი.

”მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება”, არ არის სწორი არგუმენტი. იმ ინტესივობით, რაც ჩვენთან, ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქვეყანაში ხდება, არსად სხვაგან არ აღინიშნება.

მალე მომავალი წლის ბიუჯეტს წარმოადგენს მთავრობა და ეჭვიც არ მეპარება, არაფერი შეიცვლება სასიკეთოდ. პირიქით, ლარის გაუფასურების გამო უარესიც იქნება.

როცა ჩინოვნიკების სარესტორნო ხარჯები არის პრიორიტეტული, როცა ყოველწლიურად იზრდება ბიუროკრატიული შტატები უკლებლივ ყველა სახელმწიფო უწყებაში( მათ შორის პარლამენტში), სასიკეთოს არაფერს უნდა ველოდოთ”,-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად