გოცირიძე პარლამენტში წარმოდგენილ სიაზე: ეს მოსამართლეები აქ ცხვირს ვერ შემოყოფენ

​ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტში უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების საკითხს სერიოზული პროტესტი მოჰყვება, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე – მის გარეთ.

“ქართველი ხალხის შეურაცხყოფის პროცესი გრძელდება და ეს არის მთელი საზოგადოებისთვის თავზე ლაფის დასხმა, როდესაც პარლამენტში კვლავ შემოიტანეს იგივე მოსამართლეების გვარები, რომლებმაც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლაც კი გამოიწვია”.

მისივე თქმით, შემოაბრუნეს ყველა მთავრობის და ყველა უფროსის მორჩილი და მსახური მოსამართლეები, პროკურორები, დღევანდელი ჯალათები, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას, რომლებიც აპატიმრებენ პოლიტიკურ ლიდერებს.

“ეს ადამიანები მოგვევლინებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. ივანიშვილის პირადი დაქირავებული მოსამსახურე ადვოკატი ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდება. როგორ შეიძლება ხალხმა აიტანოს ამდენი დამცირება და შეურაცხყოფა?! ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური პროცესი. ეს არის მორალური და ზნეობრივი სილის გაწნა საზოგადოებისათვის. ეს მოსამართლეები აქ ცხვირს ვერ შემოყოფენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე სერიოზული პროტესტი იქნება, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. დაიჭირეს პოლიტიკური ლიდერები, სდევნიან ნიკა გვარამიას, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, მიდის ტელევიზიაზე ზეწოლა, 50-მდე ადამიანი დაპატიმრებულია და ბოლო შეურაცხყოფის სტადია არის ის, რომ თავზე დაგვასვეს ეს მორჩილი და უნამუსო მოსამართლეები. ამის მეტი მხოლოდ ის შეიძლება მოხდეს, რომ ივანიშვილმა მთელი ქვეყანა გადააქციოს საკუთარ შპს-დ. მოსამართლე არის ძალაუფლების შენარჩუნების ბოლო ინსტანცია. ეს არის ბოლო სტრატეგიული წერტილი და ამასაც იპყრობს ივანიშვილი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი უნდა დაამტკიცოს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა. კანდიდატები არიან: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად