გოცირიძე: “ოცნებიდან” ბევრი ადამიანი გავა და ისინიც გახდებიან საძაგლები და საშინელი ადამიანები

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, ეკა ბესელიას მიმართ განხორციელებული შეტევა არის რუსთავი 2“-ის საკითხის გადაფარვისთვის გამიზნული.

“უნდათ, რაღაც სხვა თემები წამოწიონ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი მსგავსი საკითხი, რომელიც წამოიწევა, პირდაპირ ანგრევს „ქართული ოცნების“ იმიჯს, რადგან აშკარად იგრძნობა მათი დანაშაული. 7 წლის განმავლობაში არ გამოიძიეს არც ერთი საქმე, რომელიც ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა და ახლაც ამბობენ, რომ თურმე სიკვდილმისჯილმა ადამიანმა სომხეთის ციხიდან გაავრცელა და ვინ შეუტანა, ეს ტელეფონი საიდან აღმოაჩნდა, ან რატომ არ იძიებენ ან რატომ ახსენდებათ მას შემდეგ, რაც სამართლიანად მიმართავს ეკა ბესელია ამ საკითხის გამოძიებას, ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლებას უნდა, რომ დავიწყებას მიეცეს ეს თემა” განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ თურმე ეკა ბესელიას გამოჰქონდა ინფორმაცია “ქართული ოცნების” შეხვედრებიდან, რომან გოცირიძემ განაცხადა: “მაშინ ყოჩაღ, რუსთავი 2.”

“თურმე, ცინცხალ ინფორმაციას გვაწვდიდნენ “ქართული ოცნების” ყველა შეხვედრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და ეს მათ პროფესიონალიზმზე მიუთითებს, ამასაც ვერ ხვდება “ქართული ოცნება”, რომ “რუსთავი 2”-ს ამით მატებენ წონას და ღირსებას. თუმცა, რამდენად სწორია ის ფაქტი, რომ წყარო იყო ეკა ბესელია, მე არ მგონია, ასე იყოს, რადგან “რუსთავი 2″-ს აქვს უამრავი წყარო ობიექტური ინფორმაციების მოძიების და არ დაეყრდნობოდა ერთ წყაროს”-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, არის ასეთი პრინციპი “ქართულ ოცნებაში”: მოიპარე, იქურდე, ოღონდ იყავი ჩვენიანი.

“თუ ხარ ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მომხრე, მაშინ ყველაფერი გეპატიება, ყველაფერი შეგრჩება, ქონებებსაც გადმოგიფორმებენ, ტენდერებშიც მოიგებ, მაგრამ საკმარისია ჩამოსცილდე “ქართული ოცნების” ხელისუფლებას და ადამიანის მიმართ იწყება ობიექტური თუ არაობიექტური ცილისწამებები და ბრალდებები. ეს არის მათი ჩვეული მეთოდი. დარწმუნებული ვარ, “ოცნებიდან” ბევრი ადამიანი გავა, ისინიც ერთ მშვენიერ დღეს გახდებიან საძაგლები და საშინელი ადამიანები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად