გოცირიძე ოთხმეზურის მკვლელის შეწყალებაზე: პრეზიდენტი არ არის სანდო!

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გარკვეულ შემთხვევებში ადეკვატურად არ იქცევა და დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული პირის შეწყალებაც ამის გამოვლინებაა.

“უკვე მეორე საგანგაშო მოვლენაა ბოლო 1 თვის განმავლობაში, როდესაც კვლავ იწყალებს მკვლელს, ისე, რომ არავითარი წინასწარი მოსამზადებელი მექნიზმები არ არსებობს. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც დაარწმუნეს ზურაბიშვილი, რომ ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული. ამას ხომ რაღაც უძღვის წინ: საუბრები, საკითხის მომზადება. ფაქტიურად ეს ხდება სამზარეულოში: ვინ, როგორ, რა ინფორმაციასაც მიიტანს, იმ ინფორმაციის შესაბამისად ღებულობს ემოციურ გადაწყვეტილებას. ეს ყველაზე რბილი შეფასებაა, თუმცა, შედეგი არის ძალიან ცუდი – პრეზიდენტი არ არის სანდო. ის არ იქცევა ადეკვატურად გარკვეულ შემთხვევებში. პოლიტიკურ განცხადებებს რომ თავი დავანებოთ, წმინდა ყოფით შემთხვევებში მას მოსდის სერიოზული შეცდომები და ღმერთმა დაგვიფაროს ქვეყნის მთავარსარდალი ჰქვია სახელად. ცოტა სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ ასეა და გაიცინონ იმათ, ვინც მას ხმა მისცა”-განაცხადა რომან გოცირიძემ. ​​

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ცნობისთვის: 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად