გოცირიძე ოხანაშვილს: გადაეცით თქვენს ლიდერებს, რომ “მაცი ხვიტიაში” ცხენების მოპარვა არ ნიშნავს ქურდობის პროპაგანდას

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ქეთევან ცინცაძის მოსმენა მიმდინარეობს, 8 ნოემბერს, კინოთეატრებში დაგეგმილი ფილმის ჩაშლის მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის უდიდესი მონაპოვარი, რომელსაც დაცვა სჭირდება.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ დაძაბულობას ხელს უწყობს “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერის განცხადებებიც, როდესაც ფილმის პრემიერას მოიხსენიებენ, როგორც პროპაგანდას.

“ამ დაძაბულობას ხელს უწყობს თქვენი პარტიული ლიდერების განცხადებებიც, როდესაც ამ ფილმს მოიხსენიებს, როგორც პროპაგანდას. ამიტომ, გთხოვთ გადასცეთ ერთერთ ლიდერს, რომ “მაცი ხვიტიაში” ცხენებს რომ იპარავენ, ეს არ არის ქურდობის პროპაგანდა”- მიმართა რომან გოცირიძემ ანრი ოხანაშვილს

“არ შევდივარ თქვენთან პოლიტიკურ დისკუსიაში და არც შევდივარ, “ნაციონალური მოძრაობა” როგორ “იცავდა” გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს სტანდარტს და მნიშვნელოვან მონაპოვარს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვას” -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა და განმარტა, რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს და გააცნობიეროს ჩვენი კულტურა, ტრადიცია, რათა არ მოხდეს ამით განზრახ მანიპულირება და არ გამოიწვიოს მასობრივი აღშფოთება შეურაცხყოფა საზოგადოებისთვის.

ცნობისათვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია. ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჩვენების ჩაშლას გეგმავენ, როგორც საპატრიარქოს ნაწილი, ისე “ქართული მარშის” წარმომადგენლები, რომლებიც აანონსებენ, რომ ამ ფილმის ჩვენებას ყველა კინოთეატრში ჩაშლიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად