გოცირიძე მელიაზე: უნდა შეცვალოს სასწრაფოდ პროკურატურამ შინაპატიმრობის რეჟიმი და მიმართოს სასამართლოს

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მისი კოლეგის, ნიკა მელია პროკურატურაში დაბარება კონსტიტუციის დარღვევაა.

რომან გოცირიძის თქმით, უნდა შეცვალოს სასწრაფოდ პროკურატურამ შინაპატიმრობის რეჟიმი და მიმართოს ამ წინადადებით სასამართლოს.

“ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. არავის აქვს უფლება სადეპუტატო უფლებამოსილების შეზღუდვის, თუ ადამიანი არ იმყოფება პატიმრობაში. აბსურდია, რომ ნიკა მელიას უფლება აქვს საკუთარი სახლიდან ჩაერთოს ტელევიზიებს და არა აქვს უფლება სტუდიიდან ჩართვის. სადაა ლოგიკა აქ? პროკურატურას თუ მოინდომებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას წინასწარი პატიმრობით, ხელახლა უნდა მიმართოს პარლამენტს იმუნიტეტის მოსახსნელად.ამ პარლამენტმა ერთხელ უკვე დაისხა თავსლაფი და არავინ მეგულება( ესენიც კი), რომ ტელევიზიაში მისვლის გამო პატიმრობაზე დათანხმდნენ. უნდა შეცვალოს სასწრაფოდ პროკურატურამ შინაპატიმრობის რეჟიმი და მიმართოს ამ წინადადებით სასამართლოს”- განაცხადა რომან გოცირიძემ IPRESS-თან საუბრისას.

შეგახსენებთ: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის 10 სექტემბერს ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა, გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად