გოცირიძე მათიკაშვილს: თქვენ ხართ ვირუსი. სხვანაირად თქვენ რა უნდა გიწოდოთ ? დეპუტატი არ ხართ, უფლებებს აძლევთ მთავრობას

“თქვენ ხართ ვირუსი. სხვანაირად თქვენ რა უნდა გიწოდოთ ? დეპუტატი არ ხართ, უფლებებს აძლევთ მთავრობას. პერსონალურად თქვენი საუბარი შეიძლება შეფასდეს არა ადამიანის, არამედ, როგორც – ადამიანი ვირუსის”.

ასე  გაეპასუხა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილს, რომელმაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე დიდი პოლიტიკური ეპიდემია უწოდა.

დავით მათიკაშვილის თქმით,  საქართველომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა და ამ ეპიდემიას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა.

„გისმენდით ბატონო რომან და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ თქვენთვის თქვენი პარტიული ინტერესის მიღმა არაფერი არ დგას. არც ადამიანთა სიცოცხლე, არც ჯანმრთელობა და არც არაფერი. ერთადერთი კრიტერიუმი თქვენთვის წინასაარჩევნოდ ვიწროპარტიული ქულების დაწერაა. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ საქართველომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა. ამ ეპიდემიას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა, რომელსაც საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2012 წელს შესაბამისი განაჩენი გამოუტანა. კოვიდ-ეპიდემიამ 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საქართველოში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათასობით დასახიჩრდა, დაიკარგა საქართველოს 1/3 ტერიტორია და დღეს ამ პოლიტიკურ ძალას სურს, რომ ყოველგვარი სინანულის გარეშე გადაიაროს ეს ყველაფერი. აქეთ გვასწავლის ჭკუას, აქეთ ეუბნება ხელისუფლებას როგორ მოიქცეს. სინამდვილეში ყველაზე დიდი პოლიტიკური ეპიდემია ჩვენს რეალობაში „ნაციონალური მოძრაობაა“,-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად