გოცირიძე: ლარი ბიუჯეტიდან უთავბოლო, არათანაბარზომიერმა და კორუფციულმა ხარჯვამ გააუფასურა 

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ლარი მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა გააუფასურა. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ქვეყანაში ვალუტის შემოდინება არ შემცირებულა, მათ შორის ტურიზმიდან. ლარი ბიუჯეტიდან უთავბოლო, უსარგებლო, არათანაბარზომიერმა, კორუფციულმა ხარჯვამ გააუფასურა.

ერთი მარტივი მაგალითი: შარშან მხოლოდ დეკემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 42 პროცენტი (658 მილიონი ლარი) იქნა ”დახარჯული”. სინამდვილეში ეს ფული მხოლოდ გადაირიცხა მხარჯავ ორგანიზაციებში და მისი რეალური ათვისება მაის-ივნის-ივლისის თვეში მოხდა. ამას ემატებოდა მიმდინარე წლის ბიუჯეტის იმავე სამინისტროს ხარჯები და ფაქტობრივად ორი წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილის ათვისება ხდება სამიოდ თბილ თვეში. 

მეორე მაგალითი: სხვადასხვა ორგანიზაციებმა ვერ სითვისეს 300 მილიონ ლარამდე ფული. დეკემბრის ბოლო რიცხვებში, კალაძის ბლატებით 160 მილიონი ლარი მისცეს თბილისის მერიას ავტობუსების შესაძენად. ეს ფული შემდგომ გადაერიცხა კერძო კომპანიას, რომელმაც სავალუტო ბიტჟაზე ალბათ მაისის-ივნისის თვეში იყიდა დაახლოებით 60 მილიონი დოლარი ავტობუსების შემოსაყვანად. ცნობისათვის, სავალუტო ბირჟაზე, ბლუმბერგის პლატმორმაზე თვეში ხდება საშუალოდ 100-120 მილიონი დოლარის ვაჭრობა.
ეს მხოლოდ ორი მსხვილი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საბიუჯეტო ხარჯებმა გავლენა მოახდინოს ლარის კურსზე. დეფიციტი კიდევ სხვა საკითხია.
მთავრობა აფუჭებს საქმეს და ეროვნული ბანკი ვერ ასწორებს მას. 

ეროვნული ბანკის შეცდომებიც აუფასურებს ლარს. ესაა მიზეზი და არა რაღაც ყურით მოთრეული მოლოფინები ”საგარეო ფაქტორები”.
მოლოდინი ნიშნავს ლარის მასის კლებას და დოლარის მატებას ბალანსში. ვინც ამ სიტყვას ახსენებს, კეთილი ინებოს და სტატისტიკური რიცხვები მოიყვანოს. ყველაფერი არსებობს და მეტნსკლებად ხელმისაწვფომია” – წერს რომან გოცირიძე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...