გოცირიძე ხაზარაძეზე: ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ არასდროს შეუწყობს ხელს ივანიშვილის ირგვლივ ახალი ხელისუფლების ფორმირებას

“ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟს, არის დადებითი მოვლენა”. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო”-ს პრეზენტაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

“ხაზარაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ ამ პარტიის დაფუძნებას, ჩვენ განვიხილავთ ამ კუთხით. ამავე დროს, ყველა პარტიამ და არა მარტო ამ ახალმა პარტიამ, ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ იგი არასდროს არ შეუწყობს ხელს ივანიშვილის ირგვლივ ახალი ხელისუფლების ფორმირებას. რომ ის წითელი ხაზი, ის წყალგამყოფი, რომელიც არის ივანიშვილი და რუსეთისკენ დაბრუნება, ან დანარჩენი პარტიები და ევროპისკენ, დემოკრატიისკენ სვლა, ამ წყალგამყოფი ხაზის რომელ მხარეზე იმყოფებიან მათ მოუწევთ ყოველთვის ხმამაღლა გაცხადება.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთ განცხადებას დღეს მოვისმენთ, რომ საქართველო არასდროს შეუწყობს ხელს ამ 7 წლიანი მმართველობის და ამ რეჟიმის შენარჩუნებას ხელს. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით კონკურენტები, ისევე როგორც იქნება თანამშრომლობა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის,  „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში განაცხადა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

„ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...