გოცირიძე: იუსტიციის მინისტრი უნდა გადადგეს, რადგან სახალხო დამცველის მოხსენება საგანგაშოა

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრი ასეთი საგანგაშო ანგარიშის გამო თავის მართლების ნაცვლად, გადადგებოდა.

“სახალხო დამცველის მოხსენება არის უკიდურესად საგანგაშო და ამ მოხსენების მერე ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი გადადგებოდა. მინისტრი უნდა გადადგეს, რადგან ეს არის საგანგაშო მოხსენება. როცა კრიმინალი არსებობს ქვეყანაში, ის აუცილებლად გაჩნდება დახურულ სისტემაში.

ციხეში „მაყურებელი“ ეს არის ფაქტობრივად, ციხეში ფინანსური კრიმინალური სისტემის აღდგენა, რომელიც ძალადობს ერთი მხრივ, პატიმარზე და მეორე მხრივ, მათ ოჯახებზე. ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ კრიმინალის გამოყენება საარჩევნო და სხვა მიზნებისთვის გახდა ციხეში კრიმინალური სუბკულტურის აღდგენის მიზეზი.

ამიტომ ხელისუფლებისთვის ეს არის განაჩენი, ერთადერთი წარმატებული სფერო, რომელიც მათ ჰქონდათ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში, ციხეებში მდგომარეობის მეტ- ნაკლებად გაუმჯობესება, ესეც ფაქტობრივად, ჩამოეშალათ. მეორე წარმატება რაც იყო, ეს გახლდათ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და აგერ 300 მილიონიანი დავალიანებით დაამთავრა ეს წელი ჯანდაცვის სისტემამ და კრახი განიცადა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის: სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა.

აღნიშნულ სხდომას საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების: “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები არ ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად