გოცირიძე: ისეთ რამეს შევესწარით, რაც მხოლოდ ფილმებში გვინახავს და ამათ ხელში, რაც გვინახავს, კიდევ ვნახავთ

“კაცმა დაგეგმა სპეცოპერაცია, გაძარცვა ბანკი, უმსხვერპლოდ მიაღწია მიზანს და ტყეში მიიმალა.  ხელისუფლება ამბობს, რომ დაგეგმა წარმატებული სპეცოპერაცია და უმსხვერპლოდ გაანთავისუფლა მძევლები. რომელია სიმართლე? ორივე სწორია”, – ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე” რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს,

“პოლიციელი, რომელიც დამატებით მძევლად აიყვანა ტერორისტმა, ქების ღირსია. ექსცესების გარეშე დაამთავრა ოპერაცია. ვისაც უფროსობა ფულის მიტანას დაავალებდა, ყველა ამ დღეში აღმოჩნდებოდა, ანუ სიცოცხლის რისკის ქვეშ ერთის მხრივ და სახელის და დიდების-მეორეს მხრივ.

მომხდარი ფაქტის მთლიანი სურათი რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ სისტემა არის სერიოზულ კრიზისში, რომ დაბრუნდა კრიმინალი თავისი მრავალფეროვნებით. ისეთ რამეს შევესწარით, რაც მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს. ჰო და, ამათ ხელში, რაც გვინახავს, კიდევ ვნახავთ. ეს უკვე ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, ანუ არჩევნებზე.

ვახდენ თუ არა კონკრეტული დანაშაულის, “რომელიც ყველგან შეიძლება მომხდარიყო” პოლიტიზებას? დიახ. ეს არაა მხოლოდ კრიმინალური საქმე, ესაა პოლიტიკურიც, რადგან ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ის უმძიმესი ვითარება, რომელიც არის შექმნილი ყველა სფეროში, მათ შორის დანაშაულის (აგერ უკვე ეგზოტიკურისაც) ზრდის კუთხითაც”, – წერს რომან გოცირიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.

მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს”, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად