გოცირიძე გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე : რასაც ივანიშვილი სჩადის, პოლიტიკური ტერორია

“გონიერების ფარგლებს გასცდა ის რეპრესიები, რასაც ხელისუფლება სჩადის”,-ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“რასაც ახლა ხელისუფლება და ივანიშვილი სჩადის, ეს არის პოლიტიკური ტერორი. უკვე გადალახა ყველა საზღვარი, გონიერების ფარგლებს გასცდა ის რეპრესიები, რასაც ხელისუფლება სჩადის. გუშინ ტვ „პირველის“ მესაკუთრე იყო დაბარებული და რა თქმა უნდა მთავარი სამიზნე უკვე არის ტვ „პირველი“ „რუსთავი2“-ის შემდეგ. ნიკა გვარამიასადმი ბრალის წაყენება, აბსურდული ბრალდებით, გაკოტრებული ტელევიზია ხელისუფლების მიერ, დაყადაღებული ორი წლის განმავლობაში, ამ ადამიანმა საკუთარი ენერგიითა და უნარებით მოიტანა დღემდე და რაღაც ფინანსურ პრეტენზიებს უყენებენ.

ყველა ვინც კი დღეს საქართველოში არის რაიმე ფორმით პოლიტიკური წონადი, გავიხსენოთ ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება, ნიკა მელიას შინა პატიმრობა და ვინც კი დაკავშირებულია თავისუფალ მედიასთან, ყველა არის ხელისუფლების სამიზნე. ხვალ შეიძლება ტვ „კავკასია“ გახდეს. ზეგ კიდევ მეორე, რომელიც არ ზის ხელისუფლების პროპაგანდისტულ ტალღაზე. ნიკა გვარამიასადმი დღეს წინასწარი პატიმრობის შეფარდება იქნებოდა საბოლოოდ დასამარება საქართველოში სასამართლო სისტემის,“-ამბობს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს. განცხადება პროკურატურაში გაკეთდა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...