გოცირიძე: გამჭვირვალე პროცესმა აჩვენა არაკომპეტენტური მოსამართლეები, დაადასტურა კლანის არსებობა

“გამჭვირვალე პროცესმა აჩვენა მოუმზადებელი, არაკომპეტენტური მოსამართლეები, დაადასტურა კლანის არსებობა.” – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ პროცესის გამჭვირვალობა საზოგადოების პროტესტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების დამსახურებაა.

„ახლა უმრავლესობა გვაყვედრის, ხედავთ რა გამჭვირვალე პროცესიაო. ეს პროცესი მონაპოვარია იმისა, რომ ის 10-კაციანი სია უკან გაუგდო საზოგადოებამ, ქუჩის პროტესტმა, დეპუტატებმა და ვაიძულეთ, მიეღოთ ისეთი კანონი, რომელიც იქნებოდა გამჭვირვალე და შეძლებდა სასამართლო სისტემაში არსებული კლანური სისტემის მხილებას. დიახაც, ეს არის გამჭვირვალე და ეს არის საზოგადოების გამარჯვება.

ასე რომ, საკუთარ თავზე ნუ მიიწერენ პროცესის გამჭვირვალობას. ამ გამჭვირვალე პროცესმა აჩვენა მოუმზადებელი, არაკომპეტენტური მოსამართლეები, დაადასტურა კლანის არსებობა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ მოსამართლეებმა გვაჩვენეს, რომ ისინი იქნებიან ისეთივე მორჩილები და ისეთივე დამჯერი მმართველი უმრავლესობის, როგორებიც იყვნენ ყოველთვის. რაც შეეხება პირველ ათეულს, შეიძლება ითქვას, რომ ათიდან რვა შეუსაბამოა ამ თანამდებობისთვის. პირადად მე მომეწონა ორი ქალი კანდიდატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ექნებათ დამოუკიდებლობის რაიმე ხარისხი. ვნახოთ, მეორე ათეული როგორი გამოდგება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს დილიდან უსმენენ. ამ დრომდე, პარლამენტმა უკვე მოუსმინა 10 მოსამართლეობის კანდიდატს. პარლამენტში სულ 20 მოსამართლეობის კანდიდატია წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად