გოცირიძე: ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება არის საქართველოს ხელისუფლების კაპიტულანტური პოზიცია

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა რუსეთის შანტაჟს დაემორჩილა.

მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში არ შემოეშვათ დელეგაციის ის წევრები, ვისაც დარღვეული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.

„ეს არის საქართველოს ხელისუფლების კაპიტულანტური პოზიცია. ფაქტობრივად, მთავრობა კვლავ დაემორჩილა რუსეთის შანტაჟს. რუსეთმა შეძლო ამ დიდი ფორუმის ჩაშლა. სტრასბურგში ამ შეხვედრის გადატანა ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის უსუსური და მას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა. არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ გვავალდებულებს, კანონდამრღვევის ჩვენს ქვეყანაში შემოშვებას რომელიღაც სხდომის ჩატარებისას. ეს იყო ტექნიკური საკითხი. ლავროვმა დაარღვია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და ის სამხედრო დამნაშავეა. ლავროვი, პუტინი და მედვედევი 2008 წლის ომის არქიტექტორები არიან და მათი ადგილი საქართველოში არ არის. დანარჩენი, დელეგაციის სხვა წევრი, ვისაც კანონი არ აქვს დარღვეული, შესაძლებელია, რომ ჩამოსულიყო. რუსეთი ბლოკავს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ახლა აი, უფრო პატარა ზომის ფორუმიც კი დაბლოკა. ეს არის რუსეთის გამარჯვება საქართველოს ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით. პრინციპული პოზიციის დაკავების შემთხვევაში ეს ფორუმი აქ უნდა ჩატარებულიყო, ვინაიდან საქართველო მასპინძელი ქვეყანაა. თუ ლავროვი მოისურვებდა  ჩამოსვლას, საქართველოს ხელისუფლება ვერ გაბედავდა მის არშემოშვებას. საქართველოს პრეზიდენტმაც დანაშაულებრივი განცხადება გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ საქართველო დაარღვევს კანონს და შემოუშვებს ლავროვს. ვინ მისცა მას უფლება, რომ საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა იდგეს?!“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად