გოცირიძე: ეს იქნება „უკანასკნელი ტანგო თბილისში“ ივანიშვილისთვის, თუ მან გაბედა და კვლავაც მოატყუა ხალხი

ეს იქნება „უკანასკნელი ტანგო თბილისში“ ივანიშვილისთვის, თუ მან გაბედა და კვლავაც მოატყუა ხალხი,-ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და მაჟორიტარი დეპუტატების ე.წ. ამბოხს „უჩინართა ამბოხი” უწოდა.

რომან გოცირიძე ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუ კანონპროექტს ჩააგდებენ, „გავრილოვის ღამე” სანატრელი გაუხდებათ.

„ვინმეს სჯერა, რომ შეიძლება პაიკები აუმხედრდნენ მეფეს? ამას შეიძლება უწოდო უჩინართა ბუნტი. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ, დღეს გამოდიან და უპირისპირდებიან ივანიშვილს? წარმოგიდგენიათ, რომ ვინმე დეპუტატი დაჩი ბერაია და ივანიშვილი 7 საათი კამათობდნენ და არ დაეთანხმა დაჩი ბერაია ივანიშვილს, რომელმაც დაიპყრო მთელი ქვეყანა? თურმე წარუმატებლად დამთავრდა ფეხბურთელ ყაველაშვილთან მისი კონსულტაციები, სისულელეა ეს. ის ახლა აკვირდება საზოგადოების განწყობას და დიპლომატიური კორპუსის რეაგირებას.

ბიძინა ივანიშვილს ამ წუთას აქვს ორი არჩევანი ორი სცენარიდან: წავიდეს ოპოზიციაში ან წავიდეს პოლიტიკურ მოუსავლეთში. ის დღესაც ატყუებს ხალხს და ამ ტყუილის შემდეგ მისი ხელისუფლება იქნება დამთავრებული. „გავრილოვის ღამე“ სანატრელი გაუხდებათ, ვერც ერთი დეპუტატი ცხვირს ვერ შემოყოფს აქ, ამ დარბაზში. გინდა მუქარა უწოდეთ, გინდა გაფრთხილება. მე ამას ვაკეთებ გაფრთხილების ფორმით,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად