გოცირიძე: ეროვნული ბანკი მთავრობის მორჩილი სუბიექტია, ორივე ერთად კი ლარს უთხრიან ძირს

“დღეს ლარი ისევ გაუფასურდა,” – ​ ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა 1, 59 მილიარდი ლარი ერთკვირიანი სესხი გასცა კომერციულ ბანკებზე და 400 მილიონი ლარი ერთთვიანი.

“სულ რეფინენსირების სესხების მოცულობამ 2 მილიარდ ლარს მიაღწია. გუშინ ფინანსთა სამინისტრომაც გაიკრა ხელი ჯიბეზე და 50 მილიონი ლარი უფეშქაშა კომერციულ ბანკებს ბიუჯეტის ნაშთებიდან, ერთთვიანი სესხების სახით. ლარის გაუფასურების პროცესში ეს რომ დაუშვებელია, ყველამ კარგად იცის, მაგრამ რა ქნან, ორ ცეცხლშუა იწვიან. გაუშვებ ჭარბ ფულს საბანკო არხებში, ლარი უფასურდება, არ მისცემ ფულს ბანკებს, მაშინ ისინი ვერ იყიდიან ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებს, ანუ მთავრობა ვერ აიღებს ბანკებიდან შიდა ვალს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად.

იმტვრევს ახლა თავს ეროვნული ბანკი და მთავრობა, რომელი გაწიროს, ლარი თუ ბიუჯეტი. კავკასიის ცარცის წრეა. საწყლად უჭირავს ეროვნულ ბანკს ლარზე ხელი, მაგრამ ბოლოს მაინც ის უშვებს, ატანს ლარს მთავრობას უთავბოლო ცურვაში. იმიტომ ხომ არ გაუშვა ხელი, რომ ძალიან უყვარს, კავკასიური ცარცის წრის ანალოგიურად? არა, აქ უკვე ამ პიესის სიუჟეტი არ გამოგვადგება- ხელს უშვებს, რადგან ძალა არ ჰყოფნის. ეროვნული ბანკი მთავრობის მორჩილი სუბიექტია. ორივე ერთად კი ლარს უთხრიან ძირს” – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...