გოცირიძე: დაუშვებელია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა

 ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოცალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ქვეყანაში ამოქმედებული სრული კარანტინის ფარგლებში ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

“დაუშვებელია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა. მათი როლი ვირუსის გავრცელებაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერი სასურსათო მაღაზიის ან აფთიაქის. ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ექსკლუზიურად აღმოჩნდება მხოლოდ ბანკების ხელში, სადაც კურსი ისედაც მაღალი იყო ყოველთვის და ნაკლებკონკურენტულ პირობებში კიდევ უფრო გაუძვირებენ კლიენტებს მომსახურებას. ეს ასევე გამოიწვევს ბანკებში ადამიანების მიმართვიანობის ზრდას, რაც დახურულ სივრცეში ვირუსის გავრცელების უფრო მეტი რისკის შემცველია, ვიდრე ღია სივრცეში მომუშავე სავალუტო პუნქტების უმეტესობაში”-წერს რომან გოცირიძე.

ცნობისათვის: ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადებს თანახმად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს  მუშაობა. აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით  შეეძლებათ.

ამასთან, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.

“ამ შეზღუდვის პირობებშიც, მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება (ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში).

იმისათვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მოვუწოდებთ მოსახლეობას,  მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები. კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე –  info@nbg.ge. “-ნათქვამია განცხადებაში.

 

31 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ფაქტობრივად, სრული კარანტინი და ე.წ. საკომენდანტო საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად