გოცირიძე ბახტაძეს: თქვენ კი არ გადადექით, გადაგაყენეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, სასაცილოა მამუკა ბახტაძის სიტყვები, როდესაც თქვა, რომ ის გადადგა. 

„თქვენ კი არ გადადექით, გადაგაყენეს. როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არავინ გეკითხებათ გადაყენებას. აი ასე, თოჯინებივით დაატარებენ ადამიანებს აქეთ იქეთ“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  რომან გოცირიძემ  ჟურნალისტებთან  მამუკა ბახტაძის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების კომენტირებისას.

მისივე თქმით, რაც ბოლო პერიოდში ხდება, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას და ბიძინა ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას უკავშირდება.

რომან გოცირიძის აზრით,  თუ პრემიერ-მინისტრის პოსტს შს მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, ამას ხალხი არ მოითმენს.

„ის რეპრესიები, რაც განხორციელდა, დაჭერები, „რუსთავი 2“-ის დახურვა, ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის პოლიტიკური დევნა, ის რაც მომავალში მოხდება და აქ შემოიყვანენ ივანიშვილის მოსამსახურე ადამიანებს, რომლებსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაერქმევათ, ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება – ძალაუფლების შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, ამ მიზანს ემსახურება ფორმალური პრემიერ-მინისტრის, ბახტაძის გადაყენებაც.

თუ გამართლდა ის ჭორი და მართლაც გახარია დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ საქართველოს უკვე მართავს არა ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ რუსეთი. გავრილოვი დაგვასვეს პრემიერ-მინისტრად. აი, ეს იქნება მთავარი შეტყობინება ხალხისათვის და ხალხი ამას არ მოითმენს. ამიტომ არის სახიფათო ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ივანიშვილი ახლა დგამს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად