გოცირიძე: ამ ეტაპზე ჯარჯი აქიმიძეს და დათო დვალს ვგულშემატკივრობ

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ნიკა გვარამიამ თქვა, რუსთავი 2 ოთხი დღე ვიგლოვე და დავხურე ეს ისტორიაო. არა მგონია, რომ ეს ასე იყოს. ნიკა კარგ ტელევიზიას რომ გააკეთებს, ამაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ როცა რუსთავის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას უყურებ, შეუძლებელია, გული არ გიკვდებოდეს კაცს.

ნიკა კი არა, მეც კი ვერ შევგუვებულვარ იმ აზრს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მორიგ წყალწყალა, ურეიტინგო მაუწყებელს მივიღებთ.

გუშინ პირველი წმენდა დაიწყო. მისი ერთ-ერთი სახე, სტრასბურგის ერთ-ერთი გმირი, კომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილი გაანთავისუფლეს სამსახურიდან. წყნარად, უპროტესტოდ ჩაიარა ამ ამბავმა:(((

გუშინ ეროსის 55 წელი შეუსრულდებოდა.
კარგად ვიცნობდი მეთქი ვერ ვიტყვი. ჩვეულებრივად. პირველად მაშინ გავიცანი, როცა რუსთავი 2-ის, ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებული კომპანიის დაცვა მოგვიწია.

25 წლის წინათ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიყავი, რომელსაც ”კერძო საკუთრების დაცვის ლიგა” ერქვა. რუსთავის ლიცენზიის ირგვლივ მიმდინარეობდა დავა. იქით, საზოგადოებისათვის ცნობილი პირები, ირაკლი ბათიაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, თედო ისაკაძე და აქეთ ვინმე ეროსი, ჯარჯი, დათო. მთხოვა ეროსიმ შეისწავლეთ ეს საკითხიო. შევისწავლეთ და ჩვენი ორგანიზაციის გამგეობის სხდომაზე ერთხმად დავუჭირეთ მხარი.

რატომღაც, მაშინ მიჩნეული იყო, რომ შევარდნაძის ხელისუფლებას უფრო აწყობდა, რომ ლიცენზია ეროსის მოწინააღმდეგე მხარეს დარჩენოდა. ზუსტი დეტალები არ მახსოვს, მაგრამ სასამართლომ მაშინ ამ უცნობ სამეულს მიაკუთვნა რუსთავი.

რა იცოდა შევარდნაძემ, რომ რუსთავი გახდებოდა მისი მესაფლავე, თორემ რა უნდოდა მაშინდელ სასამართლოში სასურველი გადაწყვეტილების მიღებას.

მერე მახსოვს ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი სასტუმროს ოთახში, სადაც ნახევრადკუსტარული აპარატურა და იატაკზე დაყრილი შიშველი კაბელები იყო, ჩემი პირველი გასვლა რუსთავის 2-ის ეთერში. ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს სასაცილო ”სტუდია” მომავალში ყველაზე ცნობილი ბრენდი გახდებოდა საქართველოში.

დღეს ამ ბრენდს ივანიშვილი ასამარებს მისი მარიონეტის, ქიბარ ხალვაშის ხელით და ამ მარიონეტის მიერ დაქირავებული მარიონეტის, ვინმე ”ადვოკატი სალიას” მეშვეობით, რომელიც ადვოკატად რომ დარჩენილიყო, იქნებოდა ერთი უჩინარი, შეიძლება წარმატებული იურისტი და დღეიდან კი გახდა ცნობილი, მაგრამ სამუდამოდ დაღდასმული პიროვნება, რომელთან დაკავშირებული იქნება ერთადერთი რამ-რუსთავის განადგურებაში თანამონაწილეობა.

რა იქნება მომავალში( მათ შორის სტრასბურგში) არავინ იცის. ამ ეტაპზე კი ჯარჯის და დათოს ვგულშემატკივრობ. მათი გამარჯვება უკეთესი იქნება რუსთავისათვის და სამართლიანიც”, – წერს რომან გოცირიძე

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად