გოცირიძე: ახლა მხოლოდ ”მინიშოკური თერაპია” თუ შეაჩერებს ლარის ზღვარგადასულ გაუფასურებას

“რა ეშველება ლარს” -ასეთი სათაურით საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სავალუტო კრიზისდან გამოსვლის მიზნით სრაფი მოქმედების ნაბიჯებს აკონკრეტებს:

“ლარის გაუფასურების თავიდან აცილების უებარ წამალს ითხოვენ – ერთი სიტყვით და ერთ დღეში. იმას, რასაც წლობით აფუჭებ, ერთ დღეში ვერ გამოასწორებ. ამას დიდი დრო და პოლიტიკის შეცვლა სჭირდება, პოლიტიკის შეცვლას კი-ხელისუფლების მიერ შეცდომების გაცნობიერება და კურსის რადიკალური კორექტირება( რაც წარმოუდგენელია), ან ხელისუფლების შეცვლა.

ახლა უმძიმესი ვითარეება. ლარი ბედსაა მინდობილი. არ გადადგმულა ერთი ნაბიჯიც კი, ლარის სტაბილურობას რომ წადგომოდა.

ახლა მხოლოდ ”მინიშოკური თერაპია” თუ შეაჩერებს ლარის ზღვარგადასულ გაუფასურებას.

რა უნდა გაკეთდეს:
1. ეროვნულმა ბანკმა უნდა აწიოს რეფინანსირების სესხების განაკვეთი.
2. მკვეთრად უნდა შეამციროს რეფინანსირების სესხების მოცულობა.
3. უნდა შეამციროს კომერციული ბანკების მიერ უცხოური ვალუტით მოზიდული კრედიტების სავალდებულო რეზერვის ნორმა.
4. უნდა განახორცირლოს ინტერვენციები ზომიერ ფარგლებში.
5. მთავრობამ უნდა მოახდინოს ბიუჯეტის კორექტირება და შეამციროს ხარჯები
6. მკაცრად დაიცვას ბიუჯეტის ხარჯვის გრაფიკი და შეათანხმოს ეროვნულ ბანკთან.
7. შეაჩეროს ხაზინის ანგარიშზე არსებული საბიუჯეტო ნაშთების დეპოზიტის სახით განთავსება კომერციულ ბანკებში.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები უნდა გატარდეს ერთდროულად.

როცა ლარის გაუფასურების მიზეზად დასახელებულია ყბადაღებული ”მოლოდინები”, აქედან გამომდინარე, მისი გამყარების გზაც ”მოლოდინების” ცვლილება გამოდის. ეს პრიმიტიული ახსნაა და საფუძველშივე მცდარი.

როცა ლარის გამყარების გზად მიჩნეული ”მეტი ვალუტის შემოდინება”, ესეც პრიმიტიული ახსნაა, რადგან ამ ლოგიკით თურმე ლარის კურის ფორმირებაში მონაწილეობს მხოლოდ ერთი და არა ორი ვალუტა. ამით სრულიად იგნორირებულია ლარის მიწოდების ნაწილი, რაც ამართლებს მთავრობისა და ეროვნული ბანკის შეცდომებს და უმოქმედებას.

ახლა ქვეყანაში სავალუტო კრიზისია. მისი ნიშნები ცნობილია და მას მოაქვს მრავალი უარყოფითი შედეგი. ვალუტის სწრაფი დევალვაცია 25 პროცენტის ფარგლებში მონეტარულ თეორიაში ცნობილია სავალუტო კრახის სახელით, რომელსაც მოსდევს უმძიმესი შედეგები მთელი ეკონომიკისათვის. ეს არაერთხელ გვინახავს, მათ შორის ამ რამდენიმე წლის წინათ. ეს ზღვარიც უკვე არა ჩანს შორს.
სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო” – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად