გორის მერის მოადგილე: მერი შვებულებაშია, ჩამოვა, პირდაპირ იქ მივა და გააკეთებს განცხადებას

დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანკარში, იქ სადაც რუსი ოკუპანტები ახალ მავთულხლართებს ავლებენ და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას ახდენენ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში აკრედიტირებულ დიპ კორპუსთან ერთად იყო ჩასული. 

ელჩებს და მინისტრს არ დახვედრია გორის მუნიციპალიტეტის მერი კოტე თავზარაშვილი. როგორც გაირკვა, მერი შვებულებაში ყოფილა გასული. აღმოჩნდა, რომ თავზარაშვილმა მიუხედავ იმისა რომ ბოლო დღეებია რუსი ოკუპანტები მის მუნიციპალიტეტში მოცოცავენ და ახალ ე.წ. საზღვრებს ავლებენ, შვებულება არ შეწყვიტა.

არც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დახვედრია ელჩებს, არც ქვეყნის პრემიერმისტრი მამუკა ბახტაძე.

მაშინ როცა საქართველოში აკრედიტირებული ელჩები რუსი ოკუპანტებს მიერ გავლებულ მავთულხლართებს ეცნობოდნენ, პრემიერი ზუგდიდში მოსახლეობას უხსნიდა როგორ დაამარცხეს ფაროსანა.

ქეთევან ციხელაშვილსა და ელჩებთან ერთად სოფელ გუგუტიანკარში იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი.

როგორც “აიპრესთან” გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აცხადებს:  “ეს არის მორიგი უკანონო ქმედება, რომელიც განახორციელეს რუსმა ოკუპანტებმა. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დღეს მინისტრთან ერთად ჩამოსული იყო საქართველოშო აკრედიტირებული დიპლომატიურიკორპუსი და ადგილზე ნახეს ის ადგილი, სადაც მიმდინარეობს ბორდერიზაცია.

ეს საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული ერგნეთში“ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს. ცხელი ხაზი ამოქმედებულია.

დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იყვნენ ამოსული, კრიტიკულად შეაფასეს რუსი ოკუპანტების ქმედება. მომხდარის შესახებ თავიანთი ქვეყნის ხელმძღვანელობას გააგებინებენ და იმედი მაქვს, რუსეთს მკაცრად მოსთხოვენ პასუხს შეწყვიტოს ეს დესტრუქციული ქმედება”, – განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.

აიპრესის” კითხვაზე, სად არის გორის მერი და რატომ არ იმყოფებოდა გუგუტიანთკარში, მერის მოადგილე აცხადებს, რომ შვებულებაშია, როგორც კი დაბრუნდება თავად გააკეთებს განცხადებას.

“ბატონი კოტე ჩამოვა. გამოვა შვებულებიდან თვითონ გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით, პირდაპირ იქ ავა და ნახავს”

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...