გოფოძე გარდაცვლილ პაციენტზე: კოვიდ-19-ის გარდა, ბევრი თანხმლები დაავადება ჰქონდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ კორონავირუსით გარდაცვლილ მე-13 პაციენტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

გოფოძის თქმით, პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდა.

„ეს პაციენტი ჩვენთან მოყვანილი იქნა მაისის დასაწყისში. გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან. იყო პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე. ამ პაციენტს, გარდა იმისა, რომ კოვიდ ინფექცია ჰქონდა დადასტურებული, აღენიშნებოდა ბევრი თანმხლები დაავადება და გართულება კოვიდ ინფექციასთან ასოცირებული. ეს იყო მძიმე დისტრეს სინდრომი და სეპტიური შოკით შემოვიდა კლინიკაში. ჩვენთან დაუდგინა შემდგომში ფილტვის არტერიების ემბოლიის დიაგნოზი, ასევე იყო გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, ინსულტი. ერთი პერიოდი მიღწეული იქნა შედარებით სტაბილიზაცია ამ დისტრესის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა შემდგომში კვლავ დამძიმდა პაციენტის მდგომარეობა და გუშინ საღამოს გაჩერდა გული“, – განაცხადა გოფოძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 800 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 640 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, 13 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2 424 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მკურნალობის ქვეშ კი, 304.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად