“გონიოში ოკუპაციას ვერ გრძნობთ? რა დროს დასვენებაა?!” – ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქცია გორის მერიასთან

“გონიოში ოკუპაციას ვერ გრძნობთ?” “რა დროს დასვენებაა?!” “რუსეთი ოკუპანტია!” “რუსეთი მტერია” – ასეთი ტრანსფარანტებით ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებმა გორის მერიასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები გორის მერის იმ განცხადებას აპროტესტებდნენ, სადაც კონსტანტინე თავზარაშვილმა თქვა, რომ გუგუტიანთკარში მას შემდეგ ჩავა, რაც შვებულებას დაასრულებს. ახლა კი გონიოში ისვენებს.

„ჩვენ ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას. ამ ურთულეს პროცესში, სახელმწიფო უნდა იდგეს სათანადო ადგილას, ამის მაგივრად, ყველანაირ უაზრო დაბრკოლებებს გვიქმნის, მაგრამ ჩენ მაინც მოვახერხეთ ველური, გაუკვალავი გზებით მისვლა, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოგვეხერხებინა გვეთქვა, რომ ჩვენ უბრალოდ ტელევიზორში როგორც კინოს ამას არ ვუყურებთ, ჩვენ გვტკივა რეალურად, რასაც უკვე ამდენი ხანია რუსთაველზე ვაპროტესტებთ,“ – განაცხადა ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გეგა სალუქვაძემ.

გორის მერიასთან აქციამდე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები სოფელ გუგუტიანთკარში ჩასვლას ცდილობდნენ, თუმცა სოფელში ქართველმა სამართალდამცველებმა არ შეუშვეს.

შეგახსენებთ, გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები მავთულხლართებს ავლებენ. ადგილობრივების ნაწილის მიწის ნაკვეთი მავთულხლართებს მიღმა დარჩა. ერთ-ერთი ადგილობრივის გივი რაზმაძის სახლი მავთულხლართებს მიღმა რჩებოდა. დღეს გივი რაზმაძე საკუთარ სახლს თავისივე ხელით შლიდა, რამაც სრულიად საზოგადოება დაზაფრა. დღესვე სოფელში ჩასული იყო სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, თუმცა სოფელში არც პრემიერი ჩასულა, რაც პრეზიდენტი და არც პარლამენტის თავმჯდომარე.

დღის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა: ამჟამად, გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი შეჩერებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...