გონჩარუკი გახარიას: მადლობა ქართულ მხარეს ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის

უკრაინისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის საფუძველი, ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსი გონჩარუკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საერთაშორისო არენაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზარდოს ვაჭრობა, ტურისტების რაოდენობა, გაღრმავდეს და განვითარდეს ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკური მიმართულებით. ტრადიციულად, მადლობას ვუხდი საქართველოს საერთაშორისო არენაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ჩვენ, სამწუხაროდ, საერთო გამოწვევები გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით გავუმკლავდებით აგრესორს და წარმატებებს მივაღწევთ. მადლობას ვუხდი ქართულ მხარეს ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ასეთი ნაბიჯები ჩვენს კავშირებს უფრო აძლიერებს”, – განაცხადა ალექსი გონჩარუკმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ თანამშრომლობასა და კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებზეც მუშაობაც კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

„უკვე ამოქმედდა მთავრობათაშორისი სავაჭრო კომისია, რომელსაც ჩვენი მხრიდან თანათავმჯდომარეობს ინფრასტრუქტურის მინისტრი. მე მას უკვე მივეცი დავალებები, რომელიც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას ჩვენს ქვეყნებს შორის. ვფიქრობ, ამისათვის კარგი იქნებოდა ტრანსპორტის თვალსაზრისით ფოთი-ოდესის მიმართულებით განვითარება, განსაკუთებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ, ბელარუს და პოლონელ კოლეგებთან ერთად ვაპირებთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას და გვაქვს სურვილი, დავაკავშიროთ შავი ზღვა და ბალტიის ზღვა“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

ალექსი გონჩარუკმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ ამ მიმართლებით ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

„ჩვენ დავიწყეთ მზადება ასოცირების შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებების შესატანად 2021 წლისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობები განვითარდეს. კარგი იქნება, თუ ჩვენ ამ კუთხით წინ წავწევთ სტრატეგიას და ჩვენი ქვეყნების უფრო სწრაფ ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში. ვფიქრობ, ერთად ბევრის გაკეთება შეგვიძლია და ჩვენ მზად ვართ ერთობლივი მუშაობისთვის”, – აღნიშნა ალექსი გონჩარუკმა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად