გომელაური: მეტი მექნება და მეტ პრემია-დანამატს მივცემ პოლიციელებს, ივლისიდან ყველა თანამშრომელს ემატება ანაზღაურება

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზში“  სტუმრობისას სამინისტროს თანამშრომელთა ანაზღაურებისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

მინისტრმა ხელფასების ზრდასა და პრემიებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ახალი რეფორმები დაწყებულია და ივლისიდან ყველა თანამშრომელს კიდევ ემატება ხელფასი.

„გამოდიან თანამშრომლები, სახლში ცოცხალი  და ჯანმრთელი დაბრუნდება თუ არა, არავინ იცის.  სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ.

ახალი რეფორმები დავიწყეთ, ბევრი რამ გაკეთდა წინა მინისტრების დროსაც. ბატონი გიორგის დროს იყო მატება. ახლა კიდევ ვგეგმავთ, ივლისიდან კვლავ ემატება ხელფასები ყველა თანამშრომელს.  ხაზი მინდა გავუსვა, რომ 40 ათას ადამიანზე მეტზე ვსაუბრობთ. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ეს არ არის 1 და 2 მილიონი ლარი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„ასევე, არის დანამატისა და პრემიების თემები. ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე მეტი დანამატი ან პრემია გასცა. დიახ, გავეცით. ჯერ ერთი, ის, რომ დიდი დანაყოფი ვართ. არ შეიძლება, 1 000-შტატიანმა სამსახურმა და 40 000 – შტატიანმა ერთნაირი რაოდენობის თანხა გასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი უწყებაა. რა თქმა უნდა, ვაძლევთ და მე ვფიქრობ, ძალიან დაბალი ხელფასებია, იმასთან შედარებით, რასაც ისინი აკეთებენ, რასაც ისინი ემსახურებიან.  მე ვცდილობ, დიახაც, ყველას ვეუბნები,  თუ მეტი მექნება – მეტ პრემიას მივცემ, მეტ დანამატს მივცემ, იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები აკეთებენ თავის საქმეს.

მართლა დღე და ღამე ქუჩაში დგანან, რომ ღამე ჩვენ კარგად გვეძინოს, ჩვენი შვილები მშვიდობით მოვიდნენ სახლებში.  გვაკრიტიკებენ – პრემია-დანამატებს რატომ აძლევო. დიახ ვაძლევ და მივცემ კიდევაც. რაც მეტი მექნება – უფრო მეტს მივცემ და დავეხმარები. იმსახურებენ ეს ადამიანები უფრო მეტს. რისიც საშუალებაც გვაქვს, იქედან გამომდინარე ვაკეთებთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად