გომელაური მაჩალიკაშილის საქმეზე: რატომ არ მეკითხებით, ვგრძნობ თუ არა პასუხისმგებლობას ჩატაევის სიკვდილზე?

“მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება მიყავს პროკურატურას. ალბათ, მტკიცებულებებს, ჩვენებებს, დაკითხვას ელოდებიან. ალბათ, დასრულდება. ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს. ვგრძნობ თუ არა პასუხისმგებლობას რომ ჩატარდა სპეცოპერაცია, კითხვას მე შემოგიბრუნებთ – არასდროს გიკითხავთ ჩატაევის და მისი თანამზრახველები ვინც მოკლა, იმაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ამას რატომ არ მეკითხებით, არ არის საინტერესო?”

ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა და შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, გრძნობს თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობას და რატომ არ არის დღემდე დაკავებული ის სპეცრაზმელი, რომელმაც მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

შეკითხვაზე, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს პრეტენზიები აქვს სუს-თან ,რომელმაც ჩაატარა სპეცოპერაცია ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ყველა ვინც სპეცოპერაციის დროს დაიღუპა, მათ შორის ჩატაევის ოჯახის წევრებიც საუბრობენ, ზოგი – ჩეჩნეთში, ზოგი რუსეთში და ზოგი -გერმანიაში.

” რატომ არ მეკითხებით, არ გრძნობ პასუხისმგებლობას ჩატაევის სიკვდილზე მის თანმხლებ პირებთან ერთად? ასე არ შეიძლება. თემირლანი ელემენტარულად მათი გუნდის წევრი იყო. ყოველთვის ხაზს ვუსვამ -ეს ბავშვი იყო ჩათრეული, მოტყუებით მიიყვანეს თემაში და რასაც ის წერდა, რომ თავს აიფეთქებდა და ა.შ. ის იყო 18 წლის ბავშვი, ჩატაევი იყო გამოცდილი პიროვნება, მეომარი, ნაომარი. არასრულწლოვნის, თუნდაც 15- 17 წლის ადამიანს ადვილად შეიძლება გააკეთებინო რაღაც თუნდაც კრიმინალური მიმართულებით, ვიდრე 40-50 წლის კაცს. ეს ჩვეულებრივი თემაა. რაც მოხდა იქ, ამას პროკურატურა იძიებს. მას ჰქონდა ხელყუმბარა, არ ჰქონდა, უნდა აეფეთქებინა თუ არა, ამაზე  მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო? თუ ვიღაცაზე იტყვიან, რომ ის დამნაშავეა, ის ჩვეულებრივად დაისჯება და ჩაჯდება ციხეში. მე რატომ ავიღო პასუხისმგებლობა? არსებობს სისხლის სამართლის კანონი, იარაღის გამოყენების კანონი. როცა ვარ პატრული, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი, მაქვს იარაღი, არ ვეკითხები არც მინისტრს, არც სხვა ხელმძღვანელს, შევდივარ ოთახში, იქ კრიმინალი იქნება თუ ტერორისტი, როგორ უნდა ვიმოქმედო – მაქვს კანონი და როცა შევდივარ სპეცოპერაციაზე, იქ ჩემი თავის მინისტრიც მე ვარ, დეპარტამენტის ხელმძღვანელიც და ყველაფერი. რომ გავისვრი, სასამართლოსთან პასუხი მე უნდა ვაგო და არა ჩემმა მინისტრმა, ან დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ტყვიის გასროლაზე მინისტრის გადაყენების მოთხოვნა არასწორია, როცა კანონი არეგულირებს და რატომ თხოვთ ვიღაცას, პასუხისმგებლობა აიღოს? “-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად