გომელაური ელისაშვილს: ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად მოხდება – მესმის, რომ დასაკავებელია

“ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება, მაგალითად, სამი კვირის წინ 12 წლის წინ ჩადენილი მძიმე მკვლელობის დანაშაულისთვის ძებნილი პირი დავაკავეთ”.

ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“მესმის, რომ დასაკავებელია. მადლობა ბატონო ალეკო, კითხვა ოპერაციის კარგად ჩატარებაზე რომ არ დასვით. იყო ორი მიმართულება: ან უნდა შევსულიყავით და ოპერაცია დაგვეწყო და შეიძლება ადამიანები დაღუპულიყო ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მე პრემიერს ავუხსენი, რა ვარიანტები იყო, რაც არც გომელაურის მოგონილია, არც ღარიბაშვილის და არც გოგა მღებრიშვილის – ეს არის ამერიკული სტანდარტი! მოთხრა, არავითარი სისხლისღვრა! დაკავებას ვეცადეთ, როგორ არ ვეცადეთ… აბა, წადი და მშვიდობაში მოიხმარე – ასე ხომ არ გავუშვებდით?! ჩვენმა თანამშრომელმა საკუთარი სიცოცხლე გარისკა და მანქანაში ჩაუჯდა. შეგვეძლო ოპერაცია მასთან ერთად ჩაგვეტარებინა, სადაც კიდევ სამი მოქალაქე იჯდა, თუმცა მათი სიცოცხლის გაწირვაც ძალიან სახიფათო იყო, რადგან მანქანაში გახსნილი ხელყუმბარით იჯდა. აქაც ჩავთვალე, რომ შტურმი არ დამეწყო, რადგან ხელყუმბარა რომ აფეთქდება, იქ ვერავინ გადარჩება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, ბადრი ესებუას დაკავებაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა არ ისაუბრებს, კონკრეტულად რა ოპერატიული ღონისძიებები ტარდება და ესებუას ვერ მიაწვდის ინფორმაციას, მისგან ახლოს არის თუ არა.

“ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას, ყველას გვაინტერესებს, სად არის? საქართველოს ტერიტორიაზეა, დატოვა საქართველოს ტერიტორია, თუ როგორააა ის კაცი და სადაა?”
ამ შეკითხვით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...