გომელაური: ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ძირითადად ინფრასტრუქტურა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზე არის დაცული

“რეფორმების შედეგად, 2012 წლიდან, დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორში
დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები. ამ დროისთვის, ძირითადად
ინფრასტრუქტურა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის
უფლებები უმაღლეს დონეზე არის დაცული”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა
შინაგან საქმეთა სამინისტროში, უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის
წარდგენისას.

“სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით, 2016 წლიდან, დროებითი
მოთავსების იზოლატორებში ფუნქციონირება დაიწყო სამედიცინო პუნქტებმა. 2020
წელს ზაჰესში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე სტანდარტების
შენობა. საანგარიშო პერიოდის დასრულებისთვის, საქართველოში მოქმედ დროებითი
მოთავსების ყველა იზოლატორში სრულად განახლდება ინფრასტრუქტურა,
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეზენტაციის წარდგენის დროს ასევე ისაუბრა
მიგრანტებისათვის განკუთვნილი დროებითი მოთავსების სივრცეების შესახებ.
“2014 წელს შეიქმნა მიგრაციის დეპარტამენტი. აშენდა საქართველოში კანონიერი
საფუძვლის გარეშე მყოფ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი, რომელიც
სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.
2018 წელს დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და მის შემადგენლობაში შევიდა
თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრი.
მომავალში, მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება მიგრანტებისათვის განკუთვნილი
დროებითი მოთავსების სივრცეების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მშენებლობა
და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა”, – აღნიშნა შინაგან საქმეთა
მინისტრმა.

კომენტარები
იტვირთება...