გოგუაძე ზარდიაშვილზე: ეს ივანიშვილის პიარ-სვლაა, თითქოს ხალხისთვის არასასურველი წევრებისგან თავისუფლდება

ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლა ივანიშვილის პიარ-სვლაა, თითქოს „ოცნება“ ხალხისთვის არასასურველი პოლიტიკოსებისგან თავისუფლდება, – ასე ეხმაურება “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილებას.

როგორც ნინო გოგუაძემ “აიპრესს” უთხრა, კლანის ლობისტი ბიძინა ივანიშვილია და ეს კლანიც და დამორჩილებული სასამართლო მის პოლიტიკაშია.

“ვანო ზარდიაშვილი იყო ამ პოლიტიკის გამტარებელი და სწორედ ივანიშვილმა მიანიჭა ზარდიაშვილს უფლებამოსილება მისი ნაცნობობის გამო. როგორც ვიცი, მას პირადი ნაცნობობა აკავშირებს სასამართლოს წევრებთან, მაგრამ რასაკვირველია ზარდიაშვილს არც ამის უფლებამოსილება ჰქონდა და არც ამხელა წონა, რომ დამოუკიდებლად ეწარმოებინა ვინმეს ლობირება. მით უმეტეს დამორჩილებული სასამართლოს უკანონოდ დამორჩილება.

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა არჩევნების წინ მისი ნების აღმსრულებელი, ამასთანავე ნეგატიური და ოდიოზური ფიგურების ჩამოშორება და განცდის შექმნა თითქოს ემიჯნება მათ. რა თქმა უნდა ეს ასე არაა.

ზარდიაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ არის პოზიტიური, თუნდაც მისი უღირსი საქციელის გამო, რაც მან უხვად ჩაიდინა. კერძოდ, ბოლოს რაც მან ჩაიდინა ეკა ბესელიას მიმართ სრულიად უხამსი განცხადების გამო, მაგრამ ზარდიაშვილი არ არის პოლიტიკის მწარმოებელი. ის, ისევე როგორც „ოცნების“ ნებისმიერი სხვა დეპუტატი არ განსაზღვრავს „ოცნების“ პოლიტიკას. ასე, რომ ეს არის ივანიშვილის ე. წ. პიარ-სვლა, თითქოს „ოცნება“ თავისუფლდება იმ სახეებისგან, რომლებიც ხალხისთვის არასასურველ პოლიტიკას აწარმოებენ. თუმცა, ვნახავთ, რომ იქნება ის პოლიტიკა, რაც ივანიშვილს უნდა, იქნება თუ არა ვანო ზარდიაშვილი პარლამენტში და ეს გამოჩნდება მოსამართლეების არჩევის თემასთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს და განცხადებას ავრცელებს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...