გოგუაძე პრემიერს: ნატოს წვრთნებს მივესალმებით, მაგრამ საქართველოს თემა გამქრალია დასავლეთი-რუსეთის მოლაპარაკებებიდან

ნატოს წვრთნებს მივესალმებით, მაგრამ საქართველოს თემა გამქრალია დასავლეთი-რუსეთის მოლაპარაკებების სფეროდან, – ასე პასუხობს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე პრემიერს.

როგორც ნინო გოგუაძემ „აიპრესს“ განუცხადა, ძალიან ცუდია, როდესაც პრემიერმა არ იცის, რას ნიშნავს „ფეიქ ნიუსი“.

„ფეიქ ნიუსების“ მთელი ნიაღვარი მოდის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი „ფეისბუქ-გვერდებიდან“ და სხვადასხვა სააგენტოებიდან.

რაც შეეხება იმას, რომ ნატოს წვრთნები ჩატარდა საქართველოში, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო. არა მარტო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომ ნატო ჩვენს გვერდით არის, არამედ რუსეთის ფედერაციისთვისაც. ოკუპანტი, მტრული სახელმწიფოსთვის ეს არის გზავნილი, რომ საქართველო არ არის მარტო და მას მხარს უმაგრებს დასავლური სახელმწიფოები. ეს ნამდვილად კარგია.

საქართველომ ამ მიმართულებით სვლა ამ პრემიერის დროს კი არ დაიწყო, არამედ დიდი ხნის წინ. ჯერ კიდევ შევარდნაძემ დაიწყო ნატოს კარზე დაკაკუნება წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში. შემდეგ ეს მიმართულება ეს გაგრძელდა სააკაშვილის პერიოდშიც და „ოცნების“ პერიოდშიც.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველო გაქრა დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების სფეროდან. ჩვენი პარტნიორების მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველო უკრაინის გვერდით არ არის მოხსენიებული, როგორც პრობლემა რუსეთსა და დასავლეთის ურთიერთობებს შორის. ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკა არ არის ისეთი აქტიური, როგორიც უნდა იყოს. ისევე როგორც სანქციების ასპექტში საქართველომ არასოდეს არ მოითხოვა, რომ საქართველო იყოს მოხსენიებული უკრაინასთან ერთად მოხსენიებული სანქციების დროს.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებითაც კარგად ვხედავთ რამხელა პრობლემებია. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ დანაშაულის ჩადენაში და ხელი დააფარა დამნაშავეებს არ არის იდენტიფიცირებული. გამოძიება არ არის მათ წინააღმდეგ დაწყებული და ასეთი ადამიანები არ არიან მოხვედრილი ამ სიაში. ასე, რომ რასაკვირველია საქართველოს სახელმწიფოს, მის პრემიერსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს გაცილებით აქტიური მუშაობა სჭირდებათ პარტნიორებთან, რომ საქართველოს ინტერესები მეტად იყოს დაცული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის სხდომაზე დღეს პრემიერმა განაცხადა: “მოვისმინეთ “ფეიკ ნიუსები”, ვითომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში”.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...