გოგუაძე: ეს დაპირისპირება ივანიშვილის ხელწერაა! დეპუტატები, რომლებიც აქტივს ასე იყენებენ ლაჩრები არიან

ეს დაპირისპირება ივანიშვილის ხელწერაა. დეპუტატები, რომლებიც აქტივს ასე იყენებენ ლაჩრები არიან, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ “აიპრესს” ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების დაპირისპირებებთან დაკავშირებით განუცხადა.

გოგუაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებისგან არის მართული პროცესი, როდესაც ოპოზიციის მოთხოვნებს სხვადასხვა ჯგუფები უპირისპირდებიან.

„დიდი ხანია ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილს მართვის ძალიან სახიფათო სტილი აქვს. მან სახელმწიფოს ფუნქციების დელეგირება მოახდინა ძალადობრივ ჯგუფებზე. ამ ძალადობრივ ჯგუფებს იყენებს ისე, თითქოს ხალხს შორის ხდება დაპირისპირება. აქამდე, 20 ივნისამდე პოლიცია უფრო მიმტევებელი იყო „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პოლიციასთან შედარებით. ამ სურათის შექმნა უნდოდა, რომ როგორი ლმობიერია ხელისუფლება, მაგრამ რა ქნას?! თვითონ ხალხში არსებობს დაპირისპირება და ერთმანეთის მიუღებლობა.

გუშინ რაც ვნახეთ, ეს პირდაპირ ივანიშვილის ხელწერაა, რომელმაც პირდაპირ მოითხოვა, რომ დამიცავითო. თუ ახალგაზრდები აპროტესტებენ სრულიად მშვიდობიანად, მან საჯარო მოხელეები და პარტიული აქტივისტები გამოიყენა ანგარიშსწორებისთვის. ხელისუფლება, რომელსაც აქვს ყველა სახელმწიფო ბერკეტი – სუსი, სპეცრაზმი და ა. ა. შ. ამ დროს გამოჰყავს ეს აქტივისტები, ეს არის ლაჩრობა.

თითოეული ის დეპუტატი, რომელიც იყენებს საკუთარ აქტივს და საჯარო მოხელეებს, რომელიც სინამდვილეში ძალოვან უწყებებს არიან ამოფარებული, ყველანი ესენი არიან ლაჩრები. ბავშვობაში ლიტერატურა რომ წაეკითხათ, ეცოდინებოდათ რა არის ლაჩრობა.

გახარიას განცხადება მოვისმინე, რომელიც პრემიერმინისტრია, მან ისიც კი არ იცის, რომ ყველაფერი რაც სახელმწიფოში ხდება, მით უმეტეს აქციის მონაწილეებისთვის გარკვეული ჯგუფის მიქსევის მხრივ, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ამ დროს ის პასუხისმგებლობას მოქალაქეებს აკისრებს. აი ასეთი უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს. ეს არის ძალიან საშიში“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად