გოგუაძე: ალასანია აკლია პოლიტიკას, მაგრამ დაბრუნებას ჯერ არ აპირებს, კონსულტაციები არც უსუფაშვილთან გვაქვს

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ მისი პარტიის ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია მისი მეგობარია, მასთან კონტაქტი სულ აქვს, მაგრამ ის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს, თუმცა გოგუაძე მიიჩნევს, რომ ის ქართულ პოლიტიკას ძალიან აკლია.

როგორც ნინო გოგუაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ “აიპრესს” განუცხადა, მათ ბლოკში შემოერთების თაობაზე კონსულტაციები არც “შენების მოძრაობის” ლიდერ დავით უსუფაშვილთან და არც სხვა ვინმესთან ჰქონიათ. პოლიტიკოსი ბლოკის გაფართოების სურვილს გამოთქვამს და ამბობს, რომ სავარაუდოდ კონსულტაციები შემოდგომიდან არის მოსალოდნელი.

“ირაკლი ალასანიასთან სულ მაქვს კონტაქტი. ის არის ჩემი უახლოესი მეგობარი. იგი პერსონალურად შალვა შავგულიძის მხარდასაჭერად ჩამოვიდა, რომლის წესიერებაში, კომპეტენციაში, კვალიფიციურობასა თუ მეგობრობაში ეჭვი არ ეპარება. შავგულიძე იყო ყოველთვის იქ, სადაც მეგობრობას სჭირდებოდა. მან [ირაკლი ალასანიამ] მხოლოდ მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და პერსონალურად შალვა შავგულიძეს დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება ალასანიას პოლიტიკაში დაბრუნებას, ამაზე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ნამდვილად მინდა, რომ ის დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ იგი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს. თუმცა, მიმაჩნია, რომ იგი ნამდვილად აკლია ქართულ პოლიტიკას, მაგრამ ეს მისი პირადი არჩევანია. მან აიღო პაუზა და ჯერჯერობით არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას.

დავით უსუფაშვილთან ჩვენს ურთიერთობას რაც შეეხება, ის ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლია. ვთვლი, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად სწორედ “თავისუფალმა დემოკრატებმა” წარვადგინეთ. მანაც დაუჭირა მხარი შავგულიძეს, რადგან იცის შავგულიძის პროფესიონალიზმი და ერთგულება. მან იცის თანამებრძოლობის ფასი. იცის რა, ვინ იბრძოდა თანამებრძოლობისთვის და ვინ არა. მაგრამ უფრო ახლო ურთიერთობაზე ჯერჯერობით არანაირი ლაპარაკი არ გვქონია. გიგა ბოკერიამაც ალბათ ეს თქვა, რასაც ახლა ვიტყვი, რომ ჩვენი ბლოკი ღიაა – ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა იმ პარტიასთან თუ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც აქვს პროდასავლური ორიენტაცია. ვისაც სჯერა, რომ საქართველოს მომავალი არის დაბალანსებულ პარლამენტსა და ინსტიტუციონალიზებულ მმართველობაში და არა ერთპიროვნულ მმართველობაში. ეს კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ აუცილებლად დავიწყებთ. ვინ შემოგვიერთდება, ამას საზოგადოება გაიგებს კონსულტაციების შედეგად. მაგრამ ის, რომ ახლა ვინმესთან გვაქვს კონსულტაციების ამის თაობაზე, ეს არ არის მართალი”, – ამბობს გოგუაძე.

კითხვაზე, როდიდან უნდა ველოდოთ კონსულტაციებს, პასუხობს, რომ ჯერ წინ მეორე ტურია, მერე კი ზაფხული მოდის. დამაზუსტებელ კითხვაზე, სავარაუდოდ შემდგომიდან? – პასუხობს, რომ “დიახ”.

შეგახსენებთ, გიგა ბოკერიამ პირველი არხის ეთერში რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  პარტნიორთა წრის გაფართოება საჭიროა და მისთვის ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი მისაღებია.

„არ მინდა, რამეს წინ გავუსწრო. იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი ჯერ არ შემდგარა. ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა არ მქონია. მას საერთოდ პოლიტიკური განცხადება არც გაუკეთებია. მან შალვა შავგულიძეს დაუჭირა მხარი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...