გოგოლაშვილი: ვინც საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გაავრცელა უნდა გააძევო!

„ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ბათუმში ჭადრაკის ოლიმპიადაზე მომხდარი სკანდალის დროს ქართულმა მხარემ უნდა გააძევოს ქვეყნიდან ის პირი, ვინც საქართველოს რუკა გაავრცელა და მასზე ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დატანილი არ იყო.

როგორც გოგოლაშვილმა „აიპრესს“ განუცხადა, ასეთ პირს საქართველოში შემოსვლის უფლება აღარ უნდა მიეცეს.

“უპირველეს ყოვლისა ამისგან დაზღვეული არავინ არ არის როდესაც ასეთი ღია ხარ და ქვეყანაში უშვებ რუსეთის მოქალაქეებს და ა. შ. ამის აღკვეთა შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს, მაგრამ ის დელეგატი უნდა გააძევო. მოძიება მარტივია, ვინ გაავრცელა. უნდა გამოაშკარავო და გააძევო და მან საქართველოში ფეხი ვეღარ უნდა შემოდგას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას შეურაცხყოფას აყენებს და პლუს პროპაგანდას ეწევა მტრული სახელმწიფოს დავალებით. ამ შემთხვევაშიც გაბედული ნაბიჯებია საჭირო. არა მგონია სხვა ქვეყნებში ასეთი რამე გაბედონ.

ალბათ კანონმდებლობაც ზედმეტად ლიბერალურია ამ მიმართულებით. შეიძლება ანტოსახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის პირი დააკავო, დელეგატია თუ ვინც არის. ის ეწევა საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდას ჩვენსავე ტერიტორიაზე. კანონმდებლობა უნდა იყოს ისეთი, რომელიც ასეთი პირის დაკავების უფლებას მოგვცემს. პირველ ეტაპზე ჯარიმა და შეიძლება სხვა მუხლის მისადაგებაც. უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ქმედება დასჯადია”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

შეგახსენებთ, ბათუმში, ჭადრაკის ოლიმპიადის მიმდინარეობისას. სასაჩუქრე ჩანთებში აღმოჩნდა მინიატურული გასაშლელი რუკები, რომლებზეც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეა დატანილი. ასევე, ყირიმი რუსეთზეა მიკუთვნებული და არა უკრაინაზე. ეს რუკები ოლიმპიადაზე რუსეთის, ხანტი-მანსიისკის მხარის ჭადრაკის დელეგაციის წარმომადგენელმა გაავრცელა. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა რუკა დროულად ამოიღეს.  აღნიშნული დელეგაცია ბათუმში საპატიო სტუმრის სტატუსითაა მიწვეული, რადგან მომავალი საჭადრაკო ოლიმპიადა სწორედ რუსეთის ამ მხარეში გაიმართება. დელეგაციას ქალაქის მერი ვასილი ფილიპენკო ხელმძღვანელობს. რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ეს დიზაინერის შეცდომით ახსნა და ბოდიში მოიხადა.

კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად