გოგლა ჟვანია: სცენარი ოჯახის გასაჩერებლად 10 წელია გამზადებულია

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძის მიმართ ნაფიცი მსაჯულების გამამტყუნებელ ვერდიქტს, ყოფილი პრემიერმინისტრის ძმა, გოგლა ჟვანია ადეკვატურს უწოდებს.

„ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი მოსალოდნელი იყო. ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრებს სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებდოდნენ, რაც ნამდვილად იყო. ჩვენს ოჯახს არაერთხელ უთქვამს, რომ ეს იყო მკვლელობა. ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს ადეკვატური გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ საუბრისას გოგლა ჟვანიამ განაცხადა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია ამბობს, რომ პრემიერის დაცვის წევრების ხარშილაძისა და ძაძამიას ჩვენება ზურაბ ჟვანიას სექსუალურ ორიენტაციაზე 10 წლის წინ დაწერილი სცენარია. რაც შეეხება ძაძამიას ჩვენებას თითქოს ყოფილი პრემიერი კონსპირაციულ ბინებში ნიღბითა და წვერით დადიოდა, გოგლა ჟვანია ამბობს, რომ ესეც ამ სცენარის ნაწილია. 

„სცენარი ოჯახის გასაჩერებლად 10 წელია გამზადებულია. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ძიება და აღმოვაჩინეთ დეტალები, რომ ეს იყო მკვლელობა. კიდევ ვიმეორებ, ეს სისულელეები შეთითხნილი იყო იმისთვის, რომ ჩვენ გავჩერებულიყავით, საზოგადოებაში ერთგვარი ნიჰილიზმი გაჩენილიყო და გამქრალიყო ინტერესი ზურას მკვლელობის მიმართ. 

დაცვის წევრების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ნაწილია. ეს საქმე შორს არის დასრულებისგან, ჩვენი მიზნისგან. საქმის ძიება მიმდინარეობს, სადაც ალბათ, მომავალში სხვადასხვა ბრალდებები წამოტივტივდება. ჩემი მიზანია, დადგინდეს სიმართლე. ჩვენს ოჯახს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს იყო მკვლელობა, მაგრამ ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ვინ დაგეგმა ეს მკვლელობა და ვინ განახორციელა. როდესაც ეს ყველაფერი დადგინდება, მაშინ იქნება ჩვენი მიზანი მიღწეული“. – განაცხადა ჟვანიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად