გოგიჩაიშვილი თოლორაიას: როგორ ახერხებთ ადეიშვილთანაც წარმატებით იყოთ და “ქართულ ოცნებაშიც”?!

“როგორ ახერხებთ ზურაბ ადეიშვილთანაც წარმატებით იყოთ და “ქართულ ოცნებაშიც?!“ – ამ შეკითხვით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატს ლონდა თოლორაიას, რომლის კანდიდატურაც დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომამ განიხილა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ლონდა თოლორაია სავარაუდოდ, ზურაბ ადეიშვილის ერთ-ერთი საყვარელი დამწყები პროკურორი იყო და შესაბამისად, “ქართული ოცნებისთვის“ უხერხული იქნება, თუ მას მხარს დაუჭერენ.

“გვახსოვს, 14 წლამდე ბავშვებს ციხეში უშვებდა ხელისუფლება და დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაში გხედავთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ასე მარტივად შეიძლება გახდეთ ინსპექტორი?! ის ადამიანი, რომელიც 2010 წლიდან იყავით ადეიშვილის ერთ-ერთი საყვარელი დამწყები პროკურორი, მათი რეჟიმისთვის იმედის მომცემი“, – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ლონდა თოლორაიას.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უპასუხა.

“გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ. ჩვენ ავირჩევთ ღირსეულ კანდიდატს. თუ რაიმე კონკრეტულზე საუბრობთ, ფაქტები წარმოადგინეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესის დისკრედიტაციას ახდენთ“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აღნიშნულის საპასუხოდ, ლონდა თოლორაიამ განმარტა, რომ არასდროს არცერთი პარტიის წვერი არ ყოფილა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

მხარდაჭერილი კანდიდატი დასამტკიცებლად პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება.

სახელმწიფო ინსპექტორს, თამარ ქალდანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 1-ელ ივლისს ეწურება. სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება ინსპექტორის სამსახურის ახალი ფუნქცია, რომელიც მას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებას ანიჭებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...