გოგიჩაიშვილი: შოთაძე გადააყენა მაშინდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ ივანიშვილის გზავნილის საფუძველზე

საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნება შედის როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე უჩა მამაცაშვილის და იმ სინდიკატის სინდიკატის ინტერესში, რომელიც არის დაპატრონებული ქვეყნის ეკონომიკურ რესურსებს.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ახსოვს როგორ ჩატარდა ქუთაისში, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში შეხვედრა, სადაც უმრავლესობა ითხოვდა, რომ ირაკლი შოთაძე დაკავებული თანამდებობიდან გადამდგარიყო.

“დღეს ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ასწრებენ შოთაძის ქებას, იყვნენ მომხრე, რომ შოთაძე სასწრაფოდ გადამდგარიყო. შოთაძე თავისით კი არ გადამდგარა, ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ გზავნილი მაშინდელი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, რომ შოთაძე უნდა გადამდგარიყო.

ამას მხარს უჭერდა თალაკვაძე, მდინარაძე, კობახიძე, ჩვენ, ვოლსკი. რამდენიმე ადამიანი, ვინც მხარს არ უჭერდა, იყვნენ სხვა დეპუტატები, რომლებიც საერთოდ არ არიან დღეს უმრავლესობაში. შოთაძე გადააყენა მაშინდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ.

ამას ჰქონდა ბევრი მიზეზი. უმრავლესობის აღქმაში შოთაძე იყო პროკურორი, რომელიც არ ასრულებდა თავი ვალდებულებას, იყო წარმომადგენელი კორუმპირებული ლიდერშიპის რომელიც დღეს არის “ქართულ ოცნებაში”, არაფორმალური ეკონომიკური მაგიდის წარმომადგენელი იყო, დიდი და მსხვილი ბიზნესის ინტერესების დამცველი იყო, რომლებიც არიან ივანიშვილის კონტროლის, მისი ნათესავების სინდიკატის ქვეშ.

შესაბამისად, მისი დაბრუნება შედის როგორც ბიძინა ივანიშვილის ინტერესში, ასევე უჩა მამაცაშვილის, იმ სინდიკატის ინტერესში, რომელიც არის დაპატრონებული ჩვენს ძირითად ეკონომიკურ რესურსებს, რომლებმაც მოახდინეს ყველაფრის მიტაცება და შესაბამისად, ეს კორუმპირებული ლიდერშიპი არის დაინტერესებული, რომ ირაკლი შოთაძე როგორც კარგი შემსრულებელი დააბრუნონ გენერალურ პროკურორად”-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად