გოგიჩაიშვილი: ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევა წყალგამყოფია ჩინჩალაძის მსურველებსა და მოწინააღმდეგეებს შორის

ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” ბიუროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევასთან დაკავშირებით მიმართა. შესაბამისად, გედევან ფოფხაძე თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვეღარ იქნება და ის ვერც თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს.

ფრაქციის ამ გადაწყვეტილებას, ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გამოწვევა უკავშირდება არა პროცედურების დარღვევას, არამედ ეს წყალგამყოფია იმ ადამიანებს შორის, ვისაც უნდათ, რომ “ადეიშვილი-სააკაშვილის ჯალათები – მურუსიძე, ჩინჩალაძე იყვნენ მოსამართლეებად” და ვისაც არ უნდათ, რომ ეს ადამიანები უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად იხილონ.

“ვფიქრობ, თქვენც გინდათ, ეს ადამიანები მოსამართლეები გახდნენ. გედი ფოფხაძის გამოწვევა, არა პროცედურების დარღვევით მოხდა, არამედ იმიტომ, რომ გედი ფოფხაძეს და ჩვენ, იმ ადამიანებს, ვისაც არ გვინდა ვიხილოთ მურუსიძე, ჩინჩალაძე, სააკაშვილი-ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეები უვადოდ უზენაეს სასამართლოში, ყველაფერი ამის გამოა დატრიალებული”, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უპასუხა:”არც ერთი იურისტი, რომელიც სუბიექტურად არ ფიქრობს ამ თემაზე, არ დაობს , ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მეორე ტური შეიძლება გაიმართოს, არ ეხება პირველი მოადგილის საკითხს.

მეორე, ვერავინ უარყოფს იმას და არ არსებობს გუნდში ერთი წევრი, რომელიც იტყვის, რომ ეს საკითხი იყო შეთანხმებული გუნდის სხვა წევრებთან, არც ერთ წევრთან, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებმაც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას კომიტეტზე, შეთანხმებული არ ყოფილა.

მეასე ხარისხოვანი ხდება, რის გამო იყო, რა მოტივები ამოძრავებდათ კონკრეტულ ადამიანებს, თუმცა ამ მოტივებთან დაკავშირებითაც მინდა გითხრათ, რომ პრეცედენტების დაშვება, პირველი , გუნდთან შეუთანხმებლად, მეორე, პროცედურების დარღვევით არ შეიძლება , რასაც არ უნდა უკავშირებდეს ნებისმეირი ადამიანი, პარლამენტის წევრი თუ ა.შ. , ის საკითხი აბსოლუტურად ცალკე საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფორსირებულ რეჟიმში  არ მომხდარიყო ამ საკითხის განხილვა”.

ლევან გოგიჩაიშვილი: რაც არ უნდა გადაადგილებები გაკეთოთ, რაც არ უნდა შეიყვანოთ, გამოიყვანოთ, გინდა აქეთ გადაქაჩოთ, გინდა იქით გადაქაჩოთ, ამ პარლამენტში, მე ღმად ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად…

მამუკა მდინარაძე: რა შუაშია, ნუ დააკავშირებთ.

ლევან გოგიჩაიშვილი: დარწმუნებული ვარ, პარლამენტში არ გავა ჩინჩალაძე, მურუსიძე – ჯალათი მოსამართლეები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ უანგაროდ და ანგარებით, მონური მორჩილებით და კმაყოფილებით, რომლებიც ადამიანებს აგზავნიდნენ უაპელაციოდ, მტკიცებულებების გარეშე, ცინიკურად, უამრავი ადამიანის ცხოვრება დაღუპეს, ამ ადამიანებს ეს პარლამენტი ვერ აირჩევს, ეს მინდა იცოდეს ყველამ.

ეს პარლამენტი არის 2012 წლის 1 ოქტომბრის მემკვიდრეობა, ამ პარლამენტში ეს სია არ უნდა გავიდეს. როცა მოხდება კრიტერიუმების დადგენა, არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე უნდა გავრცელდეს ეს კრიტერიუმები, ისეთი კრიტერიუმები უნდა იყოს, რომ სააპელაციო სასამართლოში ვინც არიან დღეს, გინდა თბილისში, გინდა ქუთაისში, გინდა პირველ ინსტანციაში, მათზეც უნდა გავრცელდეს ეს კრიტერიუმები და ისინიც უნდა დაემშვიდობონ მართლმსაჯულების სისტემას.

მამუკა მდინარაძე: აქ ჩვენ ვსაუბრობთ, რაღაც თემა უნდა მიეკეროს თუ არა მეორე თემას, არგუმენტები და ემოციები ვნახეთ. არგუმენტებით ეს თემა, იმ თემას, რაზეც თქვენ საუბრობთ, არ ეკერება. თუ ემოციები გნებავთ და პირადად ჩემი, რადგან მე შეგეპასუხეთ, დამოკიდებულება გაინტერესებთ, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც იმის გამო, რომ თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმს შევეწინააღმდეგე პატიმრობა შემიფარდეს იმ მუხლით, რომელზეც კანონი არ ითვალისიწნებდა პატიმრობას. ამიტომ, მე ვერავინ ვერ დამაბრალებს რაღაცეებს.

მეორე, გთხოვთ, საზოგაოდება არ შევიყვანოთ შეცდომაში და რაღაც თემა, რომელიც არ იყო დაკავშირებული მეორე თემასთან, ძალით ჩვენთვითონ არ მივაკეროთ ერთი გუნდის წევრებმა. ვიმსჯელოთ ამაზე, რამდენიც გნებავთ შიგნით,ეკერება თუ არა ეს თემა მეორეს, არის რეალურად დაკავშირებული, თუ არა, და მერე გავაკეთოთ ეს განცხადებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...