გოგიჩაიშვილი მიქაბერიძეს: ძალიან ჭყინტი ხართ იმისთვის, რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს არ აქვს ამ ეტაპზე ცხოვრებისეული გამოცდილება, რათა გახდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლე.

„თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდით კანცელარიაში, შემდეგ ხდებით მოსამართლე. სამი წელიც არ არის გასული და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი გაქვთ. ჩვენ გვინდოდა იუსტიციის საბჭო არ ყოფილიყო მთავარი ფილტრი კანდიდატთა შესარჩევად და ყოფილიყო პარლამენტი. როდესაც თქვენსა და ნუნუ კვანტალიანს შორის იქნებოდა არჩევანი, ბუნებრივია, მარტო გამოცდილებისა და გაბედული ნაბიჯების თვალსაზრისით თუ ვიხელმძღვანელებდით, შეიძლება პარლამენტის წევრს სხვანაირი გადაწყვეტილება მიეღო. ეს იმას არ გამორიცხავდა, რომ 10 და 15 წლის შემდეგ გეცადათ თქვენი თავი ამ თანამდებობაზე. ნებისმიერი კონიაკის მოყვარული გეტყვის, რომ 20 წლის დაძველებით კონიაკი უფრო კარგია, ვიდრე სამი წლით დაძველებით. არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ იმისთვის, რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. თქვენ ფაქტობრივად კანცელარიაში გაქვთ გატარებული დრო თანაშემწედ, სავარაუდოდ, კლანის წევრის რომელიმე თანაშემწე იყავით, და არ გაქვთ ცხოვრების გამოცდილება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, მოსამართლეობის კანდიდატს ღიად რომ ეთქვა, სასამართლო პირდაპირ ვერტიკალში იყო წინა ხელისუფლებასთან, მიიღებდა მის მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს დილიდან უსმენენ.ამ დრომდე, პარლამენტმა უკვე მოუსმინა 10 მოსამართლეობის კანდიდატს. პარლამენტში სულ 20 მოსამართლეობის კანდიდატია წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად