გოგიჩაიშვილი: ივანიშვილმა შემოგვთავაზა ძალიან ცუდი, დამნაშავე ადამიანები, რომელთა ადგილი ციხეშია

“დღეს, სამწუხაროდ, ივანიშვილმა გადმოიბარა სააკაშვილი-ადეიშვილის მემკვიდრეობა, და შემოგვთავაზა ეს ძალიან ცუდი, დამნაშავე ადამიანები, მერე რა, რომ მოსამართლეები იყვნენ, არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ და უფრო მეტად სასტიკები იყვნენ იმ კრიმინალებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის მიუღებელნი იყვნენ და მათი ადგილი ციხეშია”. ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს მოსამართლეობის კანდიდატების იმ შემადგენლობაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად გადმოუგზავნა.

მისივე შეფასებით, ივანიშვილი-ადეიშვილის სია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია შემოსული, არის შეურაცხყოფა არა მარტო პირველი ოქტომბრის მონაპოვარის და იმ ხალხის ბრძოლის, რომელსაც სააკაშვილის დავალებით, ეს მოსამართლეები უსწორდებოდნენ, არამედ არის შეურაცხყოფა და უგულებელყოფა ქვეყნის კანონმდებლობის და კონსტიტუციის.

“შეიძლება დღევანდელ მოცემულობაში გამოჩნდეს 76 ადამიანი, ვინც ამას მხარს დაუჭერს, მაგრამ ეს იქნება იმ ადამიანებისთვის სულში ჩაფურთხება, რომლებმაც შექმნეს ამ ქვეყანაში იმედი, რომ შეიძლება ყველაფერი კარგად განვითარებულიყო. ეს სია წერტილს უსვამს ყველაფერს და ივანიშვილის რეჟიმს გააფორმებს, რომელიც იქნება ადეიშვილი -სააკაშვილის სამართალმემკვიდრე, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ის ამბები მომხდარიყო ამ ქვეყანაში ამ ცუდი მოსამართლეების მხარდაჭერის გარეშე”-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი უნდა დაამტკიცოს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა.

კანდიდატები არიან: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად