A1 ბანერი

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორიატში აირჩიეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორიატში აირჩიეს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორიატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ჰააგის დირექტორიატში საქართველოდან შერჩეული კანდიდატი წარადგენს. დაზარალებულთა ნდობის ფონდში გოჩა ლორთქიფანიძის არჩევა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, ფონდის ყურადღება მიმართოს ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე − დაზარალებულთა საჭიროებებსა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე. იმ რეალობაში, როდესაც ჰააგის პროკურატურა აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, მსხვერპლთა დაცვა და მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

გოჩა ლორთქიფანიძე 1998 წელს რომის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მანდატის ძირითადი ავტორია, მონაწილეობდა რომის კონფერენციაში. იგი ასევე იყო რომის სტატუტის მოლაპარაკებების პროცესში „თანამოაზრე სახელმწიფოთა ჯგუფში“ საქართველოს გაწევრიანების ინიციატორი. 1999 წლიდან 2002 წლამდე იყო საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დამფუძნებელ კომისიაში, რომელმაც შეიმუშავა სასამართლოს პროცედურისა და მტკიცებულებების წესები, დანაშაულების ელემენტები, შეთანხმება სასამართლოსა და გაერთიანებულ ერებს შორის ურთიერთობების შესახებ, შეთანხმება სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ.

დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორიატის არჩევნები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის (ASP) სესიის ფარგლებში გაიმართა. ასამბლეა ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების უმაღლესი დონის შეხვედრაა, სადაც მონაწილე 123 სახელმწიფოს დელეგაციის მიერ მთავარი სტრატეგიული საკითხები განიხილება. წლევანდელ რიგით მე-17 სესიაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლაცაა დაგეგმილი. გოჩა ლორთქიფანიძის მოხსენების ძირითადი თემა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების, მათ შორის, ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების დროულად გამოძიების აუცილებლობა იქნება.

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჰააგის სასამართლოს განმწესრიგებელთან, პროკურორის ოფისის წარმომადგენლებსა და სხვა თანამდებობის პირებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...