გოჩა ლორთქიფანიძე: ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ისკანდერის“ და 700-მდე მტკიცებულების მოპოვება

გამარჯვება მოგვაპოვებინა ერთიანობამ, რწმენამ, მათ შორის, საქართველოს უბრალო მოქალაქეების, უბრალო ადამიანების, ჩვენ ვიყავით მონაწილე მათი სამოქალაქო სიმამაცის და ღირსების, მათ ღირსეულად გაართვეს თავი უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ამდენი ხნის გასვლის შემდეგ, უკვე 2008 წლის ომს თუ ვიგულისხმებთ, ძალიან რთული იყო რამდენიმე მომენტის გამო. პირველ რიგში, ოკუპაციის არსებობის გამო, რადგან ჩვენ, გასაგები მიზეზების გამო, ვერ შევდიოდით ცხინვალის რეგიონში მტკიცებულებების მოსაპოვებლად. მეორე მომენტი იყო, რომ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც, რადგან უკვე გრძელი პერიოდი გავიდა, მაგალითად, განაღმვის სამუშაოებიდან, ბევრი რამ იყო დაზიანებული ან გამქრალი, ბევრი რამ საჭიროებდა ხელახალ სკრუპულოზურ საქმიანობას, ნაწილ-ნაწილ დაწყობას საერთო სურათის აღსადგენად და ამ შემთხვევაში მე ვუერთდები ქალბატონ თეა წულუკიანის მადლობას ამერიკის შეერთებული შტატებისდმი, რადგან ჩვენს პარტნიორებთან საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად შევძელით, რომ ზუსტად 2018 წელს, ორიოდე კვირით ადრე, სანამ გაიმართებოდა 23 მაისის ბოლო მოსმენა სტრასბურგის სასამართლოში, ამერიკელების დახმარებით შევძელით ზუსტად რაკეტა „ისკანდერის“ მიღება და ეს იყო უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

კითხვაზე, კიდევ რომელი მტკიცებულებების მოპოვება გაჭირდა, ასევე, როგორ მიმდინარეობდა მუშაობა მოწმეებთან, რადგან სასამართლო სხდომაზე 33 მოწმეს მოუსმინეს, გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ ეს ჯერჯერობით მაინც რჩება კონფიდენციალურ მოსმენად.

„ერთადერთი, რაც შემიძლია, ავღნიშნო, რომ ჩვენ ეს გამარჯვება მოგვიპოვა ერთიანობამ. ჩვენ ეს გამარჯვება მოგვიპოვა რწმენამ, მათ შორის, საქართველოს უბრალო მოქალაქეების, უბრალო ადამიანების. ჩვენ ვიყავით მონაწილე მათი სამოქალაქო სიმამაცის ამ პროცესში და ასევე, მათი ღირსების. მათ ღირსეულად გაართვეს თავი უმნიშვნელოვანეს ფუნქციას და ჩვენ, ყველა ვიყავით ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია ეს ქვეყანა და საქართველო. მათ შორის, უწყებებს გამოვყოფდი. მნიშვნელოვანი იყო ურთიერთქმედება იმ 700-მდე მტკიცებულებების მოპოვებაში. ეს 700-მდე მტკიცებულება არის სხვადასხვა ტიპის. მაგალითად, ეს არის განაღმვის მასალები, რვიდან 14 აგვისტომდე რადარის უწყვეტი მონაცემები საჰაერო კონტროლის თვალსაზრისით. ეს არის, რა თქმა უნდა, რაკეტა „ისკადერის“ ფრაგმენტები, გორის სეისმური სადგურის ჩანაწერები. როგორც გამოირკვა ეს იყო მნიშვნელოვანი მტკიცებულება ჩვენი მხრიდან ტანკების გადაადგილება თუ ბომბის ჩამოვარდნა“, – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად