გოჩა ლორთქიფანიძე: ბოლო წლებში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გენდერულ საკითხებზე კვლევის შედეგების პრეზენტაციაში მონაწილეობს. გოჩა ლორთქიფანიძემ ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, როგორც გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარემ, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობის ამ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წარმატება და მდგრადი განვითარება.

„მიუხედავად ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ბოლო წლებში არაერთი წინგადადგმული ნაბიჯისა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, გენდერული თანასწორობა კვლავ
ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ეს პროცესი აუცილებლად საჭიროებს როგორც სამთავრობო უწყებების, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, კერძო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივ მუშაობას“, − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და გენდერულ როლებთან მიმართებით საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი დამოკიდებულებების ცვლილების მნიშვნელობაზეც.

ბოლო წლებში იუსტიციის სამინისტრომ არაერთი რეფორმა განახორციელა ქალთა უფლებების დასაცავად, კერძოდ:
2914 წლის 19 ივნისს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერა  „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის („სტამბულის კონვენცია“);

იუსტიციის სამინისტროში მომზადდა  და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. საქართველოს პირველად აქვს ქალთა უფლებების დასაცავად სპეციალური კანონმდებლობა და ახლა საჭიროა მუშაობა მისი ეფექტიანი იმპლემენტაციისა და გაუმჯობესებისთვის;

საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ, დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა მასშტაბური სოციალური კამპანია ძალადობის წინააღმდეგ #იმოქმედე. მის ფარგლებში მომზადდა სპეციალური ტრენინგმოდული, გადამზადდა ტრენერთა გუნდი და ჩატარდა უფასო ტრენინგები საქართველოს მასშტაბით 66 ლოკაციაზე 78 ჯგუფისთვის. ტრენინგებს ჯამში 886 პირი დაესწრო;

2015 წელს ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით ჩატარდა რეგიონული კონფერენცია აღმოსავლეთპარტნიორობის ხუთ ქვეყანაში ქალთა მიერ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერების თაობაზე;
ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა მასშტაბური საინფორმაციო კამპანია „გენდერი და საკუთრება“ და სხვ.
კვლევა „სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებისა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკაზე“ გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და თსუ- ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პოლიტიკის ინსტიტუტის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და  საპარლამენტო ხელისუფლების, პარტნიორი სახელმწიფოების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად