გოჩა ბარნოვი: თუ კომპრომატები არსებობს, ამას რუსეთი მღვდელმთავრების დაშანტაჟებისთვის გამოიყენებს

ქრისტემ მოციქულებს პრობლემების სინოდალური გადაწყვეტა დაუტოვა, საქართველოს ეკლესია კი ერთპიროვნულად იმართება და პრობლემაა ისიც, რომ ეპისკოპოს მელქისედეკ ხაჩიძის გარდა არცერთ ეპისკოპოსს აქვს თეოლოგიური ცოდნა, – ამის შესახებ “აიპრესს” თეოლოგმა გოჩა ბარნოვმა განუცხადა.

თეოლოგი აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიაში ყველაზე სერიოზული პრობლემა ურთიერთგავლენებია.

„საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებიდან ახალი არავის არაფერი არ გაუგია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი გარეთ გამოვიდა და გარეთ დაიწყეს მღვდელმთავრებმა ამაზე ლაპარაკი, თუმცა ადრეულ წლებშიც იყო ამ პრობლემებზე ლაპარაკი. რაც შეეხება ფორმას, რაც სინოდის სხდომაზე მოხდა, არც ეს არის ახალი. იმიტომ, რომ ესეც ხდებოდა აქამდე. მათ შორის მსოფლიო კრებებზეც. მე მაინც მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც საქართველოს ეკლესიაშია, ეს არის ურთიერთგავლენები. თუკი არსებობს კომპრომატები ამა თუ იმ მღვდელმთავარზე, სწორედ ამისთვის არის გამოყენებული რუსეთის მხრიდან. ასეთი მღვდელმთავრების დაშანტაჟება ძალიან ადვილია და ამგვარი კომპრომატების არსებობის შემთხვევაში, მათ რუსეთი თავისი მიზნისთვის გამოიყენებს.

რაც შეეხება სინოდის როლს საქართველოს ეკლესიაში, ესეც პრობლემაა. ავტოკეფალიის გამოცხადებიდან დღემდე სინოდს მინიმალური უფლებები აქვს. ერთპიროვნულად იმართება ეკლესია და სწორედ ამის შედეგია ის ყველაფერი რაც დღეს ხდება. ეკლესიის ერთპიროვნული მართვა და მღვდელმთავრების ერთპიროვნული გამორჩევა ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე და მთელ სინოდში არგვეთის და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკ ხაჩიძის გარდა ვერცერთ ეპისკოპოსს ვერ ნახავთ, ვისაც თეოლოგიური ცოდნა აქვს (მან ათენის უნივერსიტეტში ისწავლა და მაგისტრის ხარისხი დაიცვა). დანარჩენებზე ვერ ვიტყვი, რადგან მათი ცოდნის დონე დაბალია. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომ არ გვყავს განათლებული ეპისკოპატი“, – ამბობს ბარნოვი.

კითხვაზე, მეუფე პეტრესაც არ აქვს შესაბამისი განათლება? – პასუხობს:

„მეუფე პეტრე სემინარიაში სწავლობდა. მე ვლაპარაკობ სამეცნიერო ხარისხზე თეოლოგიაში. მსგავს რამეს ვერ ვნახავთ. მათ არ იციან თეოლოგია და არ აინტერესებთ რა და როგორ უნდა გადაწყვიტონ. ხშირად გაიგებთ ასეთ ფრაზებს ეკლესიაში: „როგორც ამას იტყვის უწმინდესი“, „როგორც ამას გადაწყვეტს უწმინდესი“. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რადგანაც ეკლესია ყოველთვის იმართება სინოდალური, ანუ კრებითი ფორმით. ეს თავად იესო ქრისტემ დაუტოვა თავის მოციქულებს, რომ პრობლემა, რომელიც ეკლესიაში წარმოიშობა ერთპიროვნულად კი არ უნდა გადაწყდეს, არამედ კრებითი ფორმით, რაც ძალიან დარღვეულია საქართველოს ეკლესიაში“, – განაცხადა გოჩა ბარნოვმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად