გოჩა ბარნოვი: პოლიტიკოსები პატრიარქის ავტორიტეტს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ

თეოლოგი გოჩა ბარნოვი მიიჩნევს, რომ ათწლეულების მანძილზე არ ყოფილა საქართველოში ხელისუფლება, რომელიც დამოკიდებული არ ყოფილიყო საქართველოს ეკლესიაზე. ასე უპასუხა თეოლოგმა „აიპრესის“ შესაბამის კითხვას.

როგორც გოჩა ბარნოვმა გვითხრა, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციის წარმომადგენელებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო მეტ ხოტბას შეასხამს პატრიარქს და ამით არჩევნებზე მეტ ხმას მიიღებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო რეალურად სეკულარული სახელმწიფო არ არის.

„ათწლეულების მანძილზე არ ყოფილა საქართველოში ხელისუფლება, რომელიც დამოკიდებული არ ყოფილიყო საქართველოს ეკლესიაზე. დღესაც, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციის წარმომადგენელებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო მეტ ხოტბას შეასხამს პატრიარქს და ვინ უფრო დიდ ერთგულებას გამოხატავს პატრიარქისადმი. ეს არის ამაზრზენი საყურებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ არის სეკულარული სახელმწიფო, ამით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. გამოდის, რომ ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულები არ არიან, ხოლო პოლიტიკოსები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ პატრიარქის ავტორიტეტს. ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი საქართველოსათვის საერთაშორისო არენაზე.

ეს ძალიან ცუდად აისახება და დღესაც ისახება პოლიტიკურ ცხოვრებაზე. როდესაც პოლიტიკოსები რიგში დგანან ერთმანეთს ეჯიბრებიან პატრიარქის ქებაში, რათა ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღონ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებში არის ძალიან დაბალი დონე და ძალიან დაბალი დონეა თავად მოსახლეობაში. იმდენად არიან გადაჯაჭვულები პოლიტიკოსები და ეკლესია, რომ ამის გამო ეკლესიას არ აქვს გადასახადები, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხელისუფლებისგან ეკლესიას შეუძლია რაღაც დივიდენდები მიიღო. რაც ხდებოდა ადრე და რაც ხდება დღესაც. ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ არის სეკულარული სახელმწიფო, რაც აზიანებს პოლიტიკას, ეკონომიკას და აბსოლუტურად ყველაფერს“, – გოჩა ბარნოვმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად