GMC ზუგდიდის საკრებულოს წევრის მიერ სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე უწყებათაშორისი კომისიისა და სამართალმდაცავი ორგანოების რეაგირებას ითხოვს

როგორც ცნობილია, 12 სექტემბერს პოლიტიკური გაერთიანების – „ლელო საქართვეოლოსთვის“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა ირაკლი მატუამ „ქართულ ოცნების“ წევრი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარია მოსყიდვასა და გადაბირების მცდელობაში დაადანაშაულა.

მატუას ცნობით, მას ქადარია პირადად შეხვდა და პოლიტიკიდან გარიდება შესთავაზა. ამის სანაცვლოდ კი დასაქმება, დის დასახმარებლად 600 ლარი და თბილისში დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა შესთავაზა. აუცილებელი პირობა კი იყო ის, რომ ჩამოშორებოდა „ლელოს“ და პოლიტიკურად არ ეაქტიურა. პარტიიდან წასვლა კი აუცილებლად ხმაურით უნდა მომხდარიყო.

„საქართველოს მედია-კლუბისთვის“ ქადარიას მიერ შესაძლო მოსყიდვისა და გადაბირების სხვა ფაქტის შესახებაც გახდა ცნობილი. კერძოდ, „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, სესილი ჭითანავას ინფორმაციით, ოთარ ქადარიამ პარტიის დატოვება, სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ, მასაც შესთავაზა. ჭითანავა GMC-სთან საუბარში ჰყვება, რომ მას ქადარიამ 21 აგვისტოს მას შემდეგ დაურეკა, რაც 19 აგვისტოს „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალექსანდრე ახვლედიანმა სოციალურ ქსელში ახალი წევრების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და გაცხადდა, რომ მათ შორის სესილი ჭითანავაც იყო.

ჭითანავა რამდენიმე წლის წინ ზუგდიდის მუნიციპალური ა(ა)იპ-ში – სპორტის განვითარების ცენტრში მუშაობდა. მისი ცნობით, სწორედ ამ ა(ა)იპ-ში აღდგენას და ხელფასის მომატებას (400 ლარის ნაცვლად 600 ლარს) დაპირდა ქადარია, თუ ის პოლიტიკური ორგანიზაციის – „ლელო საქართველოსთვის“ რიგებს დატოვებდა.

ვიანაიდან ზემოთ აღნიშნული ფაქტები შესაძლებელია, შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რაც გულისხმობს „საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზებას, დაპირებას, გადაცემას ან გაწევას“, მივმართავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიას, კომისიის დებულების მეორე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რეკომენდაცია მისცეს სამართალადამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და მისი დადასტურების შემთხვევაში, გაატარონ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.

——

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „საქართველოს მედია-კლუბი“ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშები ორგანიზაციის ვებპლატფორმაზე – www.droa.ge გამოქვეყნდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად