“გლობალური ალიანსის” რეკომენდაციები სწორი და დროულია”

"გლობალური ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი რამდენიმე დღის წინ თბილისს კიდევ ერთხულ სტუმრობდა და საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ბერნარ კუშნერმა ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა და მათთან ერთად პირველადი ჯანდაცვისა და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე იმსჯელა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ “გლობალური ალიანსის” სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვნელი, ექსპერტი პიტერ მაკარა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ პირველადი ჯანდაცვა ქვეყნის პრიორიტეტად აღიარა, სადაც აუცილებელი ქმედითი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო, რასაც ქვენსი საზოგადოება და "გლობალური ალიანსის" წარმომადგენლები მიესალმებიან.

"დღეს პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს ,,გლობალურ ალიანსთან“ სხვადასხვა საკითხებზე და მათ შორის ერთ-ერთი პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და მისი გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაა, საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი სტრატეგიის სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის. რომელიც საბოლოო ჯამში გაზრდის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ასევე იქნება მოწოდებული გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმები იმისათვის, თუ როგორ ავამაღლოთ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და, ზოგადად, როგორ გავზარდოთ პირველადი ჯანდაცვის ექიმების მოტივაცია", – ითქვა კონფერენციაზე.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებმა და ექიმებმა პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით გადაგმულ ნაბიჯებს მნიშვნელოვანი უწოდეს, დადებითად შეაფასეს "გლობალური ალიანსის" ძალისხმევა და ჩართულობა.

საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის თავმჯდომარემ ირინა ქაროსანიძემ ჯანდაცვის სამინისტროს წარმატებულ რეფორმად შეაფასა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა:

"ჯანდაცვის სამინისტრო სწორი მიმართულებით მიდის. მართალია, საყოველთაო ჯანდაცვას პროგრამას გააჩნია გარკვეული "ხვრელები", რომელიც საჭიროებს ამოვსებას და გამოსწორებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მაინც წარმატებული და დროული პროექტია. პირველადი ჯანდაცვა პრიორიტეტი ხდება საქართველოს მთავრობისათვის, ეს მისასალმებელია.

აუცილებელია, ინფორმაციულობის დონის გაზრდა სფეროში, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ქვეყნის სტრატეგია არ იციან. შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება მალე უნდა დაიდოს აღნიშნული სტრატეგია, რომ მესაკუთრეებმა იცოდნენ როგორ მიუსადაგონ მას საკუთარი კომპანიის განვითარების გეგმა. ასევე, დიდ პრობლემად მიმაჩნია მედიკამენტების ხელმიუწვდომლობა და ჯანდაცვის მომსახურების ზოგადი ხარისხი, რომელიც გადაუდებლად საჭიროებს ყურადღებას".

საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის თავმჯდომარემ ქვეყანაში არსებულ და გამოიყენებელ ინტელექტუალურ რესურსზე მიანიშნა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პროფესიუონალები ევროპულ ქვეყნებს უწევენ ტექნიკურ დახმარებას და საკონსულტაციო მომსახურებას:

"მათ გააჩნიათ უცხოელ კონსულტანტებთან ერთად საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სწორი მიმართულებით წაყვანის შესაძლებლობა. მე ვერ ვიტყვი, რომ "გლობალური ალიანსი" სასწაულს მოახდენს, მაგრამ მათი რეკომენდაციები სწორი, და დროულია, რომელიც გასათვალისწინებელია მთავრობის მიერ. ამიტომაც სასწაულს მოახდენს ის ფაქტი, თუ ჯანდაცვა კვლავ პრიორიტეტად დარჩება მთავრობისათვის, მივიღებთ რაციონალურ გადაწყვეტილებებს, თუნდაც იმ ფინანსების ჩარჩოებში, რაც რეალურად ექნება ქვეყანას. ბატონმა კუშნერმა კარგად იცის ევროპული და ჰოლანდიური სისტემა, რომელიც მას ძალიან მოსწონს და რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაც მისაღებია. მინდა აღვნიშნო, რომ ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. არსებობს საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრინციპები და მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროპელები ვართ და ევროპაში გვინდა, ეს პრინციპები აუცილებელია ჩვენთანაც დაინერგოს".

კომენტარები
იტვირთება...